Site icon Civil.ge

ქურცი 2.0 – ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს

ავსტრიის პრეზიდენტი ამტკიცებს მთავრობის წევრებს ©APA/Hans Klaus Tech

სალომე სალაძე

ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ავსტრიაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი. სალომე ავსტრიის წითელ ჯვარში მუშაობს.

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრიაში დატრიალებულმა „იბიცას სკანდალმა“ ჯერ მმართველი კოალიციის ვიცე კანცლერი, ჰაინც კრისტიან შტრახე (Heinz-Christian Strache), შემდეგ კი მთელი მთავრობა გადაიყოლა. მანამ, სანამ ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა და მისი საბოლოო შედეგი გახდებოდა ცნობილი, ქვეყანას დროებითი კანცლერი – 70 წლის ყოფილი მოსამართლე, უპარტიო პოლიტიკოსი, ბრიგიტე ბირლაინი (Brigitte Bierlein) და დროებითი მთავრობა მართავდა. აღნიშნული გარდამავალი პერიოდი სულ რაღაც 218 დღეს გაგრძელდა,  ბირლაინი კი ავსტრიის ისტორიაში პირველი კანცლერი ქალი გახდა.

2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ, პირველ ადგილზე გასული სებასტიან ქურცის (Sebastian Kurz) „სახალხო პარტია“ (ÖVP) სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით სხვა პარტიებთან  კონსულტაციებს აწარმოებდა. ეს პროცესი რეკორდულად დიდხანს, ზუსტად 100 დღეს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ, 7 იანვარს, ვერნერ კოგლერის (Werner Kogler) „მწვანეებთან“ (Grünen) საერთო კოალიციის შექმნით დასრულდა.

მემარჯვენეებისა და მწვანეების კოალიცია ერთგვარი ექსპერიმენტია. წლების განმავლობაში, ყველა პოლიტიკურ საკითხზე აღნიშნულ პარტიებს მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდათ, იქნებოდა ეს მიგრაცია, კლიმატის ცვლილება თუ გლობალური პოლიტიკა. ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიული პროგრამების მიუხედავად, ამჯერად, საერთო კოალიციაში მყოფებს, საერთო პოლიტიკის განხორციელება მოუწევთ.

ახალი მინისტრთა კაბინეტი

ახალი სამთავრობო კოალიცია ბევრი რამით არის საინტერესო, პირველ რიგში იმით, რომ ავსტრიის ისტორიაში ეს ამ ორი პარტიის პირველი სახელისუფლებო კოალიციაა. მეორეც, მინისტრთა კაბინეტში მამაკაცებზე მეტი ქალია წარმოდგენილი – 17 პორტფელიდან ცხრას ქალები ჩაიბარებენ.

მინისტრთა კაბინეტი ისევ სებასტიან ქურცმა (ÖVP) ჩაიბარა. ქურცი – ავსტრიის სახალხო პარტიის კონსერვატორი ხელმძღვანელი – სხვადასხვა დროს იკავებდა ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ასევე, კანცლერის თანამდებობებს. მიუხედავად მისი მაღალი თანამდებობისა, კანცლერს უმაღლესი განათლება არ მიუღია და უდროობის გამო, ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ბაკალვრიატის დასრულებაც ვერ მოახერხა.

ამასთან, ქურცი მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელია, არათუ ევროპის, მსოფლიოს მასშტაბითაც კი. ფინეთის პრემიერ-მინისტრი სარა მარინი (Sara Marini) მასზე სულ რაღაც 9 თვით უფროსია.

ვიცე-კანცლერობა კოალიციაში შემავალი მეორე პარტიის, „მწვანეების“ ხელმძღვანელმა, ვერნერ კოგლერმა (Werner Kogler) ჩაიბარა, რომელსაც ავსტრიულ პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 1999 წლიდან 2017 წლამდე კოგლერი ავსტრიის პარლამენტის წევრი გახლდათ. მასვე ეკუთვნის პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის ხანგრძლივობაში რეკორდი  – 12 საათი და 42 წუთი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს გრაცის უნივერსიტეტში, როგორც ეკონომიკის, ისე – სამართალმცოდნეობის მიმართულებით.  1981 წლიდან აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობს.

მინისტრთა კაბინეტში პორტფელები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ავსტრიის მინისტრთა კაბინეტი. ზემოთ გამოსახულია მინისტრები მემარჯვენე პარტიიდან, ქვემოთ – მინისტრები მწვანეთა პარტიიდან.

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტს ეკუთვნის კიდევ ხუთი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, რომელსაც მაგნუს ბრუნერი (Dr. Magnus Brunner, LL.M.), ულრიკე ლუნაცეკი (Mag. Ulrike Lunacek), კრისტინე აშბახერი (Mag. (FH) Christine Aschbacher), სუზანე რააბი (MMag. Dr. Susanne Raab) და კაროლინა ედშტადლერი (Mag. Karoline Edtstadler) იკავებენ. სახელმწიფო მდივნის მოვალეობაა სხვადასხვა სამინისტროს გამართულად ფუნქციონირებაში დაეხმაროს ან თავის თავზე აიღოს სახელმწიფოს ერთი კონკრეტული მიმართულების პოლიტიკის გატარება.

კოალიციური მთავრობის სამომავლო გეგმები

10 იანვარს ახალი მთავრობა პირველად შეიკრიბა და პარლამენტს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

კანცლერმა ქურცმა ამ ყველაფერს ავსტრიული პოლიტიკის ახალი ერა დაარქვა და აღნიშნა, რომ ახალი ფურცლიდან იწყებენ პოლიტიკას.

ახლადარჩეულმა კანცლერმა თავისი გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააჟღერა ახალი მთავრობის მთავარი მიზნები: ავსტრიის, როგორც სოციალური სახელმწიფოს გაძლიერება, გარემოს დაცვა, განათლების ხარისხის ამაღლება. ქურცმა მიგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა,  რომ ახალი მთავრობა გაძლიერებული ძალებით უცხადებს ბრძოლას არალეგალურ მიგრაციას. ამასთან, მისი თქმით, ავსტრია კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო არენაზე და დიდი ყურადღება მიაქციოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური სახელმწიფოა.

თავისი გამოსვლის დროს სებასტიან ქურცმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნები დაასახელა და მათი პოლიტიკა შეაფასა. ქურცის თქმით ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, ჩინეთი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან სწრაფად ვითარდება, რუსეთთან არსებული ურთიერთობა ამ ეტაპზე ცოტათი დაძაბულია – ხოლო ევროკავშირი გახლავთ უნიკალური იდეა, რომლისგანაც ხშირად ბევრად უფრო მეტს მოელიან, ვიდრე მას რეალურად შეუძლია. ქურცმა თქვა, რომ ავსტრიის მიზანია ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

აღნიშნულ თემას „მწვანეების“ ლიდერი ვერნარ კოგლერიც შეეხო და თქვა, რომ ავსტრიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპაში და იყოს მშვიდობის გარანტი, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ნდობასა და უსაფრთხოებას.

ოპოზიციის კრიტიკა

ახალი მთავრობის წარდგენას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPÖ) ხელმძღვანელმა პამელა რენდი-ვაგნერმა (Pamela Rendi-Wagner), მართალია, ახალი მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა ბოლოს დააყოლა, ვეცადოთ ერთად ვიმუშაოთ უკეთესი ქვეყნისთვის, მიუხედავად თქვენი განსხვავებული იდეოლოგიებისა და შეხდულებებისა, ჩვენ მზად ვართ ამ მუშაობისთისო. კრიტიკასთან ერთად ახალი მთავრობის შექებაც არ დაიშურა მასში წარმოდგენილი მინისტრების სქესთა ბალანსის გამო.

წინა კოალიციური მთავრობის იძულებით დატოვება „ავსტრიის თავისუფლების პარტიას“ (FPÖ), როგორც ჩანს, დღემდე ვერ მოუნელებია და ახალ მთავრობას პირველივე შეხვედრაზე შეუტია – თქვენი – კოალიციაში შემავალი პარტიების იდეოლოგიები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, ერთად მმართველობა კი არა, ერთმანეთის პარალელური მმართველობაც კი არ გამოგივათო.

საერთაშორისო პრესის გამოხმაურება

© APA/HANS KLAUS TECHT

ერთმანეთთან პოლიტიკური იდეოლოგიით არცთუ ახლოს მყოფი ორი ავსტრიული პარტიის კოალიცია საერთაშორისო პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

ნიუ იორკ თამსმა“ (The New York Times) ავსტრიულ შემთხვევას საკმაოდ საინტერესო უწოდა და ვარაუდიც გამოთქვა, რომ მალე მსგავსი კოალიცია, შეიძლება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანიაშიც ვიხილოთ.

იტალიურმა „ლა სტამპამ“ (La Stampa) ავსტრიის კანცლერი „ქამელეონად“ შერაცხა. გაზეთი წერს, რომ მიუხედავად მისი მემარჯვენეობისა, ქურცი ცდილობს არ იყოს რადიკალი და უფრო მეტიც, მემარცხენე იდეოლოგიისკენ გადაიხაროს, რაც მას საშუალებას აძლევს „მწვანეებთან“ ერთად სამთავრობო კოალიციაში იმუშაოს.

შვედური „დაგენს ნიჰეტერის“ (Dagens Nyheter) თქმით, „ვენაში მომხდარი მაგალითი გვაჩვენებს, რომ არც ისე ცუდი იდეაა მემარჯვენეებთან შეკვრა და მათთან ერთადაც შეიძლება რამე კარგის კეთება“.

სლოვენიური „დელო“ (Delo) კი წერს: „ზოგიერთ ანალიტიკოსს თუ დავუჯერებთ, არც ისე სტაბილურად გამოიყურება ახალი კოალიცია. მით უმეტეს, თუ მიგრანტთა თემას გავითვალისწინებთ, მწვანეები ქურცის პოლიტიკას ხომ წლებია ეწინააღმდეგებიან?!“

რთულად სათქმელია, რამდენად ნაყოფიერი იქნება ახალი კოალიცია ან რამდენად აიღებენ ავსტრიისგან მაგალითს სხვა ევროპული ქვეყნები. ფაქტი ისაა, რომ კოალიციას ახალი სამოქმედო გეგმა უდევს შესასრულებლად, ეს გეგმა კი ავსტრიის მეორე რესპუბლიკის დაარსების დღიდან აქამდე, ყველაზე დიდი მოცულობისაა.