ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ თავმჯდომარე ვალერი ბგანბა რეგიონის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ გახდა. მან ეს პოსტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ დაიკავა, რომელმაც თანამდებობა 12 იანვარს დატოვა.
ადგილობრივი მედიის 13 იანვრის ცნობით, რეგიონის 35-წევრიანმა „პარლამენტმა“ დღევანდელ საგანგებო სხდომაზე ხაჯიმბას გადადგომას და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ ბგანბას დანიშვნას მხარი დაუჭირა.
ხაჯიმბას გადადგომამდე, აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა. ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე, „უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ“ პარასკევს გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ ბათილად ცნო.
9 იანვარს, პროტესტის ფონზე, რომელზეც მოსახლეობა ხაჯიმბას გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა, აფხაზეთის „პარლამენტმა“ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.
პარლამენტის მოწოდებას წინ ასობით ადამიანის მიერ ხაჯიმბას ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღება უძღოდა. ხაჯიმბამ მოვლენები „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობად შეაფასა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 12 იანვრის საღამოს, ხაჯიმბას გადადგომამდე მცირე ხნით ადრე, სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თავის თანაშემწედ აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობების საკითხებში 2013 წლის სექტემბერში დანიშნა.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგა
- „უზენაესმა სასამართლომ“ აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები ბათილად ცნო
- „პარლამენტი“ აფხაზეთის ლიდერს გადაგომისკენ მოუწოდებს, ხაჯიმბა უარზეა
- ასობით ადამიანი სოხუმში ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდის და ახალ არჩევნებს ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)