Site icon Civil.ge

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 16 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის, დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარების, საგარეო პოლიტიკისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართ რესპონდენტთა განწყობებს ასახავს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის საველე სამუშაოები NDI-ს დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 180 რესპონდენტი გამოიკითხა (35% გამოპასუხება). NDI-ის ინფორმაციით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

გამოკითხვის თანახმად,  მოსახლეობის 53%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გასული წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 49%-ს შეადგენდა. მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც 1%-იანი ზრდაა 2019 ივლისის მონაცემთან შედარებით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 24%-ს შეადგენს, რაც 2019 წლის ივლისთან შედარებით 6%-ითაა დაკლებული.

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 59% აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თუმცა, გამოკიტხულთა 33% ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის.

ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების საქმიანობა

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 64% მთავრობის საქმიანობას აფასებს როგორც „ცუდს“, რაც 15%-ით მეტია 2018 წლის მარტთან შედარებით. რესპონდენტების მხოლოდ 30% აფასებს მთავრობის საქმიანობას როგორც „კარგს“, რაც 15%-იანი კლებაა 2018 წლის მარტთან შედარებით.

ინსტიტუტებს შორის ყველაზე დადებითი შეფასება დაიმსახურა საქართველოს ჯარმა – 52% (53% 2019 წლის ივლისში) და საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ – 50% (64% 2019 წლის ივლისში). ქართულ პოლიციას დადებითად 43% აფასებს, 35% – „საშუალოდ“, ხოლო 19% – „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ აფასებს.

ინსტიტუტებიდან რესპონდენტებმა სასამართლოები (45%) და პარლამენტი (57%) ყველაზე უარყოფითად შეაფასეს. მათი დადებითი შეფასება, შესაბამისად, 10% და 9%-ია.

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოკითხვებში პირველ ადგილს იკავებდა, 2019 წლის ივლისთან შედარებით რეიტინგის 14%-იანი კლება განიცადა; მისი საქმიანობა 2019 წლის დეკემბერში რესპონდენტების 50%-მა შეაფასა „კარგად“.

სამინისტროთაგან იუსტიციის, განათლების და თავდაცვის სამინისტროების საქმიანობები რესპონდენტთა შესაბამისად, 32, 23 და 23 პროცენტმა შეაფასა დადებითად, ხოლო 27, 30 და 28 პროცენტმა მათი ეს საქმიანობები შეაფასა, როგორც „ცუდი“ ან „ძალიან ცუდი“.  

გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა და 8%-მა შეაფასა ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების საქმიანობები დადებითად. 42% ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას აფასებს „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 38%-ია.

2018 წლის მარტთან შედარებით, თითქმის ყველა სამინისტროს შემთხვევაში, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამინისტროთა მუშაობას „ცუდად“ აფასებენ.

NDI საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება. ეს ფაქტი ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტაბილურობაზე კარგად არ აისახება“. მან იქვე დასძინა, რომ „ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე პასუხისმგელობა პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. მათივე პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მომავალი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო [ისედაც] ეჭვქვეშ დგას“.

რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერთა საქმიანობის შეფასებას, ყველაზე მაღალი რეიტინგით თბილისის მერი კახა კალაძე სარგებლობს – 44% (გამოკითხვა მხოლოდ თბილისში ჩატარდა), შემდეგ მოდის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია – 21%, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე – 13%, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კი კარგად მხოლოდ 9% აფასებს. ამ უკანასკნელის საქმიანობას რესპონდენტების 54% აფასებს როგორც „ცუდს“; თალაკვაძის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 36%, გახარიას – 34%, ხოლო თბილისი მერის – 22%.  

პარტიების მხარდაჭერა და მომავალი არჩევნები

გამოკითხვის თანახმად, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს; რესპონდენტების 19% აცხადებს, რომ ეს პარტია მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რესპონდენტების 13% უჭერს მხარს; ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 7%; ლეიბორისტული პარტია – 6%; პატრიოტთა ალიანსი – 5%.

რესპონდენტების 20%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, ხოლო 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა; 6%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

კითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას?“ რესპონდენტების 56%-მა განაცხადა, რომ არ გადაუწყვეტია, 39%-ს გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 3%-მა არ იცის. კვლევის თანახმად, რესპონდენტების 65% მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო 35% თავს შეიკავებს.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ისინი ხმას ხვალ რომ საპარლამენტი არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტების 20%-მა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას მისცემენ ხმას, 13% – ნაციონალურ მოძრაობას, 8% – ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს, 5% – ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 4% – პატრიოტთა ალიანსს. რესპონდენტების 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა; 14%-მა თქვა, რომ „არც ერთ პარტიას“, ხოლო 12%-მა აღნიშნა, რომ არ იცის.

ეს ბოლო შეკითხვა ახალი მეთოდის გამოყენებით დასვეს. ახალი მეთოდის (გაყოფილი შერჩევა) თანახმად, 1. რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი და პასუხი თავად მონიშნა; 2. პარტიების ჩამონათვალი შედგებოდა იმ პარტიათაგან, რომლებიც წინა კვლევაში რესპონდენტთა 1%-მა მაინც დაასახელა.

კითხვაზე როგორ შეიცვალა 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური დებატების ტონი და ხასიათი, რესპონდენტების 14%-მა განაცხადა, რომ ის უფრო პოზიტიური გახდა; 30% ფიქრობს, რომ არ შეცვლილა საერთოდ, 45%-ის აზრით კი, ნეგატიური გახდა; 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ევროკავშირისა და ნატოსადმი მხარდაჭერა

რაოდენობა გამოკითხულებისა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს უჭერენ მხარს 2019 წლის ივლისში არსებული 78 პროცენტიდან 82 პროცენტამდე გაიზარდა (83% – 2018 წლის დეკემბერში; 74% – 2012 წლის თებერვალში). რესპონდენტთა 74% მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, რაც 2019 წლის ივლისთან შედარებით  3%-იანი ზრდაა.

ინფორმაციის წყაროები

რესპონდენტების 69%-ისთვის ტელევიზია ქართული პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა. ინტერნეტი და ფეისბუქი ინფორმაციის პირველ წყაროდ რესპონდენტების 24%-მა დაასახელა. რესპონდენტების 25%-ისთვის ეს უკანასკნელი მეორე წყაროა. თბილისში ტელევიზია ინფორმაციის მიღების პირველი წყარო რესპონდენტების 56%-ისთვისა, ხოლოდ ინტერნეტი და ფეისბუქი – 37%-ისთვის. დედაქალაქში მეორე წყაროდ ტელევიზია 22%-მა, ინტერნეტი/ფეისბუქი, კი 27%-მა დაასახელა.

რესპონდენტების 6% „სრულად ენდობა“ ქართულ მედიას, 66% კი – „ ენდობა ნაწილობრივ“. 13% მედიას „ნაწილობრივ არ ენდობა“, ხოლო 10% „საერთოდ არ ენდობა“. გამოკითხულთა 30%-მა ტელეკომპანია „იმედი“ ყველაზე სანდო ტელევიზიად დაასახელა (32% 2019 წლის აპრილში), „მთავარი არხი“ კი 18%-იანი ნდობით სარგებლობს. 12%-მა განაცხადა, რომ ისინი „რუსთავი 2“-ს ენდობიან (28% 2019 წლის აპრილში). ტვ პირველს ყველაზე მეტად რესპონდენტების 5% ენდობა, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს – 3%.

მიმდინარე მოვლენები

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 71%-ს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შესახებ. 71%-იდან 17%-მა განაცხადა, რომ პროცესი „კარგად“ მიმდინარეობდა; 49%-მა კი ეს პროცესი შეაფასა როგორც „ცუდი“. 33%-მა თქვა, რომ „არ იცის“.

20 ივნისის მოვლენებზე რესპონდენტების 45% პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს (43% 2019 წლის ივლისში), ოპოზიციას – 12% (7% 2019 წლის ივლისში), ნაციონალურ მოძრაობას – 5% (8% 2019 წლის ივლისში), მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას – 4% (9% 2019 წლის ივლისში). 10%-მა განაცხადა, რომ ყველა თანაბრად პასუხისმგებელია (14% 2019 წელის ივლისში).

რესპონდენტების 61%-მა განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები მოქალაქეების მიმართ „ზედმეტად მკაცრი“ იყო; 15%-მა კი თქვა, რომ ეს ღონისძიებები „სათანადო“ იყო. რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიმართ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, რესპონდენტების 18%-მა განაცხადა, რომ ისინი „სათანადო“ იყო; 29%-მა თქვა, რომ „ზედმეტად ლმობიერი“; 28%-ის აზრით, „ზედმეტად მკაცრი“, ხოლოდ 24%-მა – „არ იცის“.

რესპონდენტების 59%-ს ჰქონდა ინფორმაცია პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს ჩაგდებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც 2020 წლიდან სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამ 59%-დან 70% პარლამენტის გადაწყვეტილებას „უარყოფითად“, ხოლო 16% „დადებითად“ აფასებს.  

2019 წლის 27 ნოემბერს ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რომ აშშ-ის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტების, როგორიცაა NDI და IRI, რეიტინგებს საქართველოში ნდობა აღარა აქვთ. მისი თქმით, „სამწუხარო რეალობაა, წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის [აშშ-ის] ძალიან სერიოზული ორგანიზაცია და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა და ძალიან ხშირად ღიმილით ხვდებიან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)