Site icon Civil.ge

TI საქართველო: სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება

პარლამენტის წინ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ განაცხადა 20 იანვარს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა „შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად“ გამოიყენება.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ სასამართლომ „სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა“.

„იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ და დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „ყურადღებით აკვირდებიან“ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქციების მიმდინარეობას.

ორგანიზაციის თქმით, პოლიციის მხრიდან დაკავებულებისათვის არ ხდება იმ მინიმალური უფლებების განმარტებაც კი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, როგორც TI საქართველო-მ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაასაბუთებდა დაკავების კანონიერებას.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება. „იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მტკიცებულებებად ვიდეო მასალები წარადგინეს, ძირითადად, მათზე დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი არ იყო აღბეჭდილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე აქციებში მონაწილე დემონსტრანტები ხშირად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები არიან, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დემონსტრანტებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, სასამართლოს მხრიდან მსგავსი სანქციების განსაზღვრა, შესაძლოა მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, რომ ჯარიმის გამოყენებას მოჰყვეს მსუსხავი ეფექტი, რათა დასუსტდეს საპროტესტო მოძრაობა და მომავალში საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა თავი შეიკავოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)