Site icon Civil.ge

სუს-ი: საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ღობეების აღმართვას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

მავთულხლართები ცხინვალის რეგიონთან. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 იანვარს Civil.ge-ს აცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ ხაზზე „აგრძელებენ პროვოკაციურ ქმედებებს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს“.

„მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურმა. მისი თქმით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“, – განაცხადა სუს-მა.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალის რეგიონის დასავლეთით, ჩორჩანა-პერევის მიდამოებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

19 იანვარს, ანტი-საოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ ფეისბუკის სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩორჩანა-პერევის მიდამოებში საოკუპაციო ძალებმა „ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ“. ქაცარავას თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტობრივად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. მან ასევე თქვა, რომ „საოკუპაციო ხაზიდან შემოჭრის სიღრმე შეადგენს საშუალოდ 240 მეტრს, ხოლო ჩორჩანა-პერევის საოკუპაციო ხაზის სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია“.

უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ აღნიშნულ მონაკვეთს სრულყოფილად სწავლობენ. სამსახურით თქმით, „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე“. თუმცა, რა ზომებს მიმართავს ამ მიზნით, მას არ დაუკონკრეტებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)