ტოივო კლაარმა, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისათვის გუშინ ჩამოვიდა, დღეს, 21 იანვარს, შეხვედრები დაიწყო ქართველ ოფიციალურ პირებთან.
კლაარმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები „უნდა გაიხსნას“. ევროპული კავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ „ადგილობრივი მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს, არადა, ახლა ასე ხდება“.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოვძებნოთ გზები ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ახალგორთან, სამხრეთ ოსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა მან.
- სუს-ი: საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ღობეების აღმართვას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
- ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
კლაარმა ასევე თქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კონფლიქტები, ცხინვალის რეგიონის გარშემო საოკუპაციო ხაზზე არსებული სიტუაცია, აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
„მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშავოთ 2020 წელს. რამდენიმე კვირაში დავბრუნდები რეგიონში ჩემს ორ კოლეგასთან, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად და აქტიურად ჩავერთვებით მუშაობის პროცესში“, – განაცხადა მან. კლაარმა დასძინა, რომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდოამრეები ცხინვალსა და სოხუმშიც ჩავლენ.
თავის მხრივ, მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მან და კლაარმა დეტალურად ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. „ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციასთან“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დაამატა, რომ საოკუპაციო რეჟიმი პროცესების ესკალაციას ცდილობს.
- ციხელაშვილი: თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის გაფართოებისთვის მზადაა
- ცხინვალი ახალი წლის წინ გამშვებ პუნქტს დროებით კეტავს
ზალკალიანმა თქვა, რომ მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჰუმანიტარულ საკითხების „არაკანონიერი მიზნების“ მისაღწევად გამოყენება. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტოივო კლაარს სთხოვა „ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იყოს დაყენებული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან“.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს ტოივო კლაარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა და მათთან ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება განიხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)