23 იანვარს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზურაბ აზნაურაშვილი ხუთწლიანი ვადით ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნა.
საბჭოს ინფორმაციით, აზნაურაშვილის კანდიდატურას 15-დან 9 წევრმა მხარი ღია კენჭისყრით დაუჭირა.
ინსპექტორს საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება/გამოკვლევის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური 2019 დეკემბერიდან გახდა. ქეთევან ცინცაძე, რომელსაც მანამდე ეს პოსტი ეკავა, პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა.
მომდევნო დღეს, 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა და საბუთების მიღების ვადად 17-26 დეკემბერი განსაზღვრა. კანდიდატებთან ინტერვიუები 14-15 იანვარს ჩატარდა.
კვირის დასაწყისში, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, რომ შეაჩეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი და ამის მიზეზად შერჩევის პროცესის გაუმჭირვალობა დაასახელა.
ზურაბ აზნაურაშვილი 2013-2019 წლებში აუდიტის სამსახურში მუშაობდა. აზნაურაშვილის ბოლო დამსაქმებელი კი იუსტიციის უმაღლესი სკოლაა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)