Site icon Civil.ge

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კონგრესიდან მიღებულ წერილებს აფასებს

დავით ბაქრაძე - საქართველოს ელჩი აშშ-ში, ფოტო: კადრი ტელეკომპანია "იმეიდს" ვიდეოდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ 26 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“ აშშ-ის კონგრესიდან საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილი ბოლოდროინდელი წერილები შეაფასა.

ელჩმა ბაქრაძემ გამოგზავნილი წერილები ორ კატეგორიად დაჰყო. მან ერთი მხრივ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილი გამოჰყო, მეორე მხრივ კი, ყურადღება გაამახვილა ოთხი კონგრესმენის ერთობლივ წერილზე, რომელშიც კომპანია „ფრონტერასთან“ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის დავაზეა საუბარი.

„ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდაჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც“, – ამბობს იგი.

მანვე განმარტა, რომ კომპანია „ფრონტერას“ წარმომავლობის ადგილი არის ტეხასი და ოკლაჰომა, „შესაბამისად ამ კონგრესმენებს [ტეხასიდან და ოკლაჰომადან] აქვთ თავიანთი ინტერესი, რომ მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელიც არის სამართლებრივ დავაში საქართველოს სახელმწიფოსთან“.

„ამ კონტექსტში, ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი წერილი, არაერთი რეზოლუციის პროექტი, მათ შორის, საკანონმდებლო აქტის პროექტიც კი იყო ორჯერ წარდგენილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-ის კონგრესში არანაირი ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია“, – თქვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გამოგზავნილ წერილს, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ „ის ფაქტობრივ უზუსტობებს“ შეიცავს. „ის თვლადი კრიტერიუმებითაც დანახული უზუსტობები, რომლებიც წერილშია, შეეხებოდა ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რისი მაჩვენებელიც ჩვენ ძალიან მაღალი გვაქვს რეგიონში, შეეხებოდა ეს ინვესტიციების რაოდენობას, თუ საქართველოს ანტიდასავლურ კურსთან რაიმე კითხვებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ის ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ძალიან უხერხულობაში აყენებენ სწორედ მათ, რადგან მათ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ისინი ხელს“, – თქვა მან.

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს გახსნილობის პრობლემა არ აქვს და უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ ამერიკელ პარტნიორებს სრული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე დაანახონ ის უზუსტობები, „რომლებიც წერილში იყო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)