საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებს სტრასბურგიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოსათვის „ძალიან მნიშვნელოვანია“.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მაღალი სტანდარტები დააწესა დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების… სწორედ ამ მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, არის გამოხატული ის წუხილი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კონგრესმენების წერილში“, – თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
- კონგრესმენი ბაბინი გახარიას „დაყოვნებული რეფორმებისა და ამერიკული ინვესტიციისათვის გაუარესებული გარემოს“ გამო სწერს
- ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა
- ამერიკელი კონგრესმენი მალინი გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის
მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლებას მათთან „უშუალო კომუნიკაცია“ ექნება და „ობიექტური სიტუაციის“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. „ისინი ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებენ. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სუბიექტური ინფორმაციაც მოხვდა მათი განხილვის არეალში და დიდწილად ამანაც განაპირობა მათ წერილში გამოხატული პოზიცია“, – დასძინა მანვე.
ზალკალიანმა ასევე თქვა, რომ წერილებში „ეს სუბიექტური ინფორმაცია“, ხშირ შემთხვევაში, „ფაქტობრივ უზუსტობებსაც კი ეყრდნობა“ და ამის მაგალითად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ვარდნა, ამერიკული კომპანიების შეზღუდვა და ამერიკული ინვესტიციების შემცირება დაასახელა, რაც მინისტრის თქმით, არასწორია.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა რომ „წერილებით ურთიერთობაზე უკეთესი და ეფექტური საშუალება არის პირადი კომუნიკაცია“ და „პირადი კონტაქტებია“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობა კონგრესმენებთან იმისთვის, რომ ყველა ინფორმაცია მათ ჰქონდეთ ობიექტური იმისთვის, რომ შეიქმნას რეალურად არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასებები“.
„მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს, და არის, და მომავალშიც იქნება ყველაზე ლოიალური პარტნიორი ამერიკისა რეგიონში და იმ ფასეულობების დამფუძნებელი და გამტარებელი, რაც არის ამერიკისთვის საინტერესო“, – თქვა ზალკალიანმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტებისა და კონგრესმენებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და განმარტა, რომ „რამდენიმე ასეთი საერთაშორისო და მაღალი დონის ვიზიტი შედგება უკვე თებერვლიდან“.
„ჩვენ მათთან გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია და ამ ყველაფერს, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტზეც სრულ არგუმენტაციას ჩვენ მეგობრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მივაწვდით“, – თქვა პარლამენტის სპიკერმა.
მანამდე, 23 იანვარს, კონგრესმენების წერილებს დავოსიდან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თქვა, რომ „შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ“. მანვე იქვე დასძინა: „ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს , რომ ყველა სახის შეფასებები, თუნდაც მწვავე, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, მაგრამ დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში“.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან მსგავსი ქმედებების შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს იმ დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მხარს უჭერს“, – თქვა პრემიერმა.
- საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სტუმრობდა
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)