Site icon Civil.ge

ზალკალიანი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში PACE-ს სესიაზე სიტყვით გადმოვიდა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 27 იანვარი, 2020, ფოტო: twitter.com/DZalkaliani

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ზალკალიანმა საქართველოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს და დაიცვას ევროპაში ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

„ჩვენ კვლავაც ვართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მოწმენი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა რჩება. მოსახლოებას წართმეული აქვს ძირითადი უფლებები, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციითაა გარანტირებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს ამ ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ.

თავის გამოსვლაში, ზალკალიანმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტი „კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს საქართველოში კონფლიქტს, რომელიც მინისტრთა მოადგილეების ყოველკვირეული შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება“.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე საუბროსას, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მინისტრთა კომიტეტი „უკიდურესაც შეშფოთებულია“ ევროპაში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების გამო. მისი თქმით, მან საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში PACE-ს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიტუაციის „მნიშვნელოვანი გაუარესების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ფაქტობრივი ანექსიის“, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შესახებ საუბრისას, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „ღობეებისა და ხელოვნული ბარიერების აღმართვა გრძელდება“.

შემდეგ მან ოკუპირებულ რეგიონებთან გამშვები პუნქტების დახურვის, ასევე საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების, ეთნიკური დისკრიმინაციის, სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმისა და საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის არარსებობის შესახებაც ისაუბრა.

„ეს ხდება 21-ე საუკუნეში, რაც მიუღებელია… ეს საკითხი ძალიან ყურადღებით უნდა იქნას განხილული ყველა საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ზალკალიანმა და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დახუჭოს თვალი ყველა ამ უკანონო ქმედებაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წააქეზებს საოკუპაციო ძალას, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას, რომ ყველა ეს უკანონო ქმედებები განაგრძოს“, – დასძინა მან.

28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 27-31 იანვარს იმართება, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)