Site icon Civil.ge

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა

HQ of the Prosecutor's Office of Georgia. Photo: POG

გენერალურმა პროკურატურამ 25 იანვარს იმ სპეცრაზმელის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა, რომელმაც პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა რა დროსაც იგი თავის არეში სასიკვდილოდ დაიჭრა, მოგვიანებით კი – საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სპეცრაზმელი, რომელმაც მაჩალიკაშვილის მიმართულებით გაისროლა „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და საფრთხე იყო რეალური“. უწყებისვე განმარტებით, გამოძიებით ასევე დადგინა, რომ სპეცოპერაციის დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის არცერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა გასროლის შედეგად, ადგილობრივი მკვიდრი თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში თავის არეში დაჭრა, რომელიც მოგვიანებით – 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, იმ ფაქტის გასარკვევად თუ რამდენად მართლზომიერად იმოქმედა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა თუ არა გასროლა, 2018 წლის დასაწყისში თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მოწმის სახით ჯამში 124 პირი გამოიკითხა, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, ასევე ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ამასთან, მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც და 32-ივე სპეცრაზმელი, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელის მოთხოვნას, რომ მისთვის ხელები ეჩვენებინა, არ დაემორჩილა და ხელყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა სცადა, რის გამოც „მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა“.

პროკურატურისვე ინფორმაციით, აღნიშნული ხელყუმბარა ჩხრეკის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს და ამ პროცესს მისი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დაადასტურა. ამავე ინფორმაციით, ხელყუმბარაზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზითაც მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურობა დაფიქსირდა.

პროკურატურის განცხადებით, გამოკითხვით არ დადასტურდა ფაქტი იმის შესახებ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს , რაც პირველი გამოკითხვისგან განსხვავებით, 2018 წლის 30 მარტს დამატებითი გამოკითხვის დროს ოჯახის წევრებმა დააფიქსირეს.

უწყების ცნობით, ასევე არ დადასტურდა თემრილან მაჩალიკაშვილის დედის განცხადება, რომ მას სახლის ჭიშკართან, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი ესაუბრა. პროკურატურის ცნობით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა და იგი მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ტელეფონით იღებდა. ამავე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე არ დადასტურდა ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტები.

მალხაზ მაჩალიკაშვილის პასუხი

პროკურატურის განცხადებას თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდა. მისი თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში, გამოძიება „არ მიმდინარეობდა“ და ყველაფერი იყო „ფორმალურობა“.

„გამოძიება არ ყოფილა დაწყებული და ამ საქმეს არც ესაჭიროებოდა გამოძიება. აქ იყო ორი საქმე… მათ უნდა გაემართლებინათ თავიანთი ჩადენილი დანაშაული და მე უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ისინი იტყუებიან, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. მე ამას ველოდი. ველოდი კი არა ვიცოდი და ამიტომ არც არასდროს მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც ახალს იტყოდნენ. შეწყდა გამოძიება, ახალი რა ითქვა? ეს ყველაფერი არის აბსურდი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ტელეკომპანია პირველთან საუბარში.

პრესკონფერენცია EMC-ში

პროკურატურის მიერ ძიების შეწყვეტას დღეს საგანგებო პრესკონფერენციით უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ (EMC), რომელიც ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს. პრესკონფერენციას მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.

EMC-ის განცხადებით, გამოძიების პროცესი „ფორმალური, მოჩვენებითი და არაეფექტიანი იყო“ და პროკურატურის გამოძიების მიმართ ნდობა მაჩალიკაშვილების ოჯახს და მათ უფლებათა დამცველებს დაკარგული ჰქონდათ.

„ვფიქრობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო თვეებში ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც არ აღიარებს და ღიად უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკურ უკმაყოფილებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობს, და ძალაუფლების დემონსტრირებით და ხისტი გადაწყვეტილებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას და საქმის შეწყვეტის შესახებ შეფასებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგენს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისს მიმართა. სტრასბურგმა საქმის განხილვა გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

მაჩალიკაშვილების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება. ესენია: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი), წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი), ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი).

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)