Site icon Civil.ge

ამერიკელი კონგრესმენი „ოლიგარქ“ ივანიშვილს „ფრონტერასა“ და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო აკრიტიკებს

კონგრესმენი პიტ ოლსონი, 28 იანვარი, 2020, ფოტო: twitter.com/RepPeteOlson

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 28 იანვარს გამოსვლისას, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კომპანია „ფრონტერას“ (Frontera Resources), ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო გააკრიტიკა.

„მაქვს კითხვა: რა საერთო აქვს „სეზამის ქუჩის“ პერსონაჟ „ბუზღუნა ოსკარს“ ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან? რა აქვთ მათ საერთო? პასუხი – ორივე მათგანი მარიონეტია, რომლებიც საკუთარ სახლებს ანაგვიანებენ“, – განაცხადა კონგრესმენმა და დასძინა, რომ „ვლადიმირ პუტინის მარიონეტი [ბიძინა ივანიშვილი] თავს დაესხა ინვესტირებას საქართველოში და დააზიანა ადამიანის ძირითადი უფლებები“.

შემდეგ, მან აღნიშნა, რომ „ფრონტერა“, რომელიც ტეხასიდანაა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში. მათ შექმნეს სამუშაო ადგილები ამერიკაში, სამუშაო ადგილები საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება… ახლა ისინი ვერანაირ სიკეთეს ვერ ქმნიან საქართველოში“.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი საქართველოს ნავთობზე კონტროლის მოპოვების გამო ბედნიერია. ეს მარიონეტი ივანიშვილი კი – ქართველი ხალხის ხარჯზე მდიდრდება“.

„გამოღვიძების დროა, რადგანაც მათ, ვინც ამას საქართველოში აპროტესტებს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით, რათა ხმა ამოვიღოთ საქართველოს თავისუფლებისთვის“, – დასძინა მან.

„ფრონტერას“, ამერიკულ კომპანიას, რომლის შტაბბინაც ჰიუსტონში, ტეხასის შტატშია განთავსებული, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან აქვს დავა. ოლსონამდე იმ დავის გამო, რომელიც ქვეყანას „ფრონტერასთან“ აქვს საქართველოს მთავრობა რამდენიმე სხვა კონგრესმენმაც გააკრიტიკა.

26 იანვარს, საქართველოს ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდაჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)