Site icon Civil.ge

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

კელი დეგნანი. ფოტო: it.usembassy.gov

კელი დეგნანი, რომელიც 19 დეკემბერს სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა, 29 იანვარს თბილისში ჩამოვიდა.

მანამდე, კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი დიპლომატიური მისიით რომში, პრიშტინაში, ანკარაში, ბრიუსელსა და ხოსტში (ავღანეთში) მოღვაწეობდა.

ბრიუსელში დეგნანს ნატოში აშშ-ის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობა სამ წელიწადს ეკავა. თავისი 26 წლიანი კარიერის მანძილზე დეგნანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშიც მუშაობდა. იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბაიტის სპეციალური თანაშემწეც იყო.

დეგნანს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში აქვს მიღებული. მოგვიანებით მან სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრიდან დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. მშობლიური ინგლისურის გარდა, დეგნანი იტალიურს, ფრანგულს, თურქულს და ურდუს ფლობს.

იანვრის დასაწყისში, თავის ფიცის დადების სიტყვაში, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ამერიკელების მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია“.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ „ამჟამად, აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა“. დეგნანმა 2020 წლის ოქტომბრის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაასახელა.

ელჩის თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც ელჩმა იან კელიმ საქართველოში მისია დაასრულა. დღემდე აშშ-ის ელჩის მოვალეობებს ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)