აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში უმცირესობის ლიდერმა, 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს“.
„ბოლო 29 წლის მანძილზე, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკური ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველოს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართ, თქვენს რეგიონში შთამბეჭდავი მაგალითია“, – განაცხადეს სენატორებმა და დასძინეს: „ორივე ჩვენგანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდით, რა დროსაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, თუ როგორ იცავდა საქართველო დემოკრატიის მთავარ ფასეულობებს. უკვე ათწლეულებია, რაც ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისი განვითარების გზაზე“.
თუმცა, სენატორებმა აღნიშნეს: „სულ უფრო გვაშფოთებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს“.
„ორი ყველაზე აქტუალური საკითხია პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის თაობაზე მიცემული დაპირების ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა“, – განაგრძეს მათ და დასძინეს, რომ „თქვენი მთავრობის გადაწვეტილება ამ ცვლილების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს“.
სენატორების თქმით, მათ კარგად ესმით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, რაც უზრუნველყოფდა, რომ სისტემა არ იმუშავებდა მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
„ამასთან ერთად, მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი, რაც ამას მოჰყვა, მკაფიო ნიშანია, რომ ამ ჩავარდნით უკმაყოფილება არსებობს. მთავრობის მიერ ამ საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებებისა და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა“, – წერენ სენატორები.
„ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ლიდერების დევნა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მეთოდებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას“, – აღნიშნეს სენატორებმა და დასძინეს, რომ „ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან, შემაშფოთებელია“.
„იგივე შეიძლება ითქვას ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნაზე. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავისუფლად საუბრის უფლებით და საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული ამ თავისუფლების შეზღუდვის იარაღად“, – განაცხადეს სენატორმა რიშმა და სენატორმა შაჰინმა.
„განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ზიანდება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით, სანამ არ მომხდარა მათი კვალიფიკაციის სრულად შეფასება, როგორც ეს ეუთოს 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში იყო აღნიშნული“, – ასევე აღნიშნეს სენატორებმა.
„მიუკერძოებელი მოსამართლეების ნაცვლად, პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა უმაღლეს სასამართლოში ძირს უთხრის იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელთაც საქართველო რეგიონში სამაგალითო გახადეს“, – განაცხადეს მათ.
სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ „ბატონი ივანიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ სულ უფრო მეტ მომიტინგეს მოუწევს ციხეში წასვლა, მორიგ შეშფოთებას იწვევს. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას სურს სასამართლო და პოლიცია საკუთარი პოლიტიკური სარგებლისთვის გამოიყენოს“.
სენატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ „ჩვენ წლებია აშშ-ს და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი“. თუმცა, „ეს მოვლენები გვაფიქრებს და კითხვებს გვიჩენს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე“.
„ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოში დაძაბულობის ზრდა ქვეყანასა და რეგიონში რუსეთის მზარდ ჩარევას გაუხსნის კარს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, მეტი რისკის ქვეშ დადგება საქართველოს უსაფრთხოება, და ჩვენ შეიძლება ჩვენი პარტნიორობის გადახედვა მოგვიწიოს“, – განაცხადეს სენატორებმა.
„დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის დახმარება“, – აღნიშნეს სენატორებმდა და დასძინეს, რომ „მზად ვართ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭიროთ მხარი საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას, თუ შეგვეძლება საქართველოს დავეყრდნოთ როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს ამ საქმეში“.
„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად ეცდებით ამ დაღმასვლის შემობრუნებას და იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ქართველ ხალხს მიეცით“, – დასძინეს სენატორებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)