„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც 12 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შესახებ ამავე არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სამართალდამცველ ორგანოებს საქმის „დროული, ეფექტური“ და „მიუკერძოებელი“ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ეს არის შეკვეთილი თავდასხმა“ და მიიჩნევს, რომ ინციდენტი ქართული ოცნების დაკვეთით მოხდა, მეტიც, ამბობს, რომ თავდამსხმელები პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის დავალებას ასრულებდნენ. დღეს საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად მისულმა გვარამიამ თქვა, თქვა, რომ ჩვენება სწორედ მის წინააღმდეგ მისცა.
ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს გია ვოლსკი და ამბობს, რომ „ნიკა გვარამია არის უნამუსო „ფეიკ ნიუსების“ მომგონი ადამიანი“. „მე არანაირად არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ბრალი ამ მომენტისთვის წარდგენილი არავის აქვს.
კოალიციის მიერ 30 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, არასამთავრობოები დამნაშავეთა დროული გამოვლენისა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობაზე საუბრობენ, „რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია“.
„ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები“, – აცხადებენ კოალიციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)