გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ 24 იანვარს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საკრებულოს სამ დეპუტატს ქართული ოცნებიდან – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის 31 იანვრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 24 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საკრებულოს ფოიეში ხაბეიშვილის მიერ ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ორგანოში თავად ლევან ხაბეიშვილიც არის დაბარებული.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, ბრალის წარდგენის მიუხედავად, საკრებულოს წევრები საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებენ.
„სამართლებრივად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ჩერდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთის სახით გამოყენებული იქნება პატიმრობა, სხვა შემთხვევაში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ ჩერდება“, – განაცხადა ჟორჟორლიანმა.
ინციდენტი აქ არ ამოწურულა. კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გამოსული ლევან ხაბეიშვილი ფოიეში მყოფ მმართველი გუნდის წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)