გაზ. საქართველო, 1920 წლის 6 თებერვალი, N26
პაპის ლეგატის ა. დელფიუშეს შესახებ
„Se Journal de’ orient” სწერს: პაპის ლეგატს ა. დელფიუშეს თბილისიდან გამგზავრების წინ საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიასთვის მიუმართავს შემდეგი წერილით: „ვტოვებ რა ისეთ სტუმართმოყვარე ქვეყანას, როგორც არი საქართველო, ჩემი რომში გამგზავრების გამო, რომ ჩავაბარო ჩემი მისიის ანგარიშები, მე ვალდებულათ ვრაცხ ჩემ თავს გადაგიხადოთ გულ-წრფელი მადლობა ჩემი დახვედრისათვის. მე მოვიარე თქვენი მშვენიერი ქვეყანა და გავკვირდი მისი მრავალ-ფეროვან სილამაზით და სიმდიდრით. ხალხი ყველგან მხვდებოდა პატივისცემით. და მე ვიგრძენ თუ თქვენი ხალხი რა მაღალ პატრიოტიზმით არის გამსჭვალული. მე დიდი სიამოვნებით შევასრულებ ჩემ მოვალეობას ყოველივე ჩემი ნახულიდგან აღვნუსხო და გადავცე რომის პაპს. წმინდა მამა ყოველთვის საქართველოზე დიდი სიმპატიით იქნება განწყობილი და ის უწმინდეს გრძნობებით ილოცებს საქართველოს; მას სამართლიან მოთხოვნილების განხორციელებისათვის მიიღეთ ჩემი გულწრფელი ლოცვა, ბატონო თავმჯდომარევ, და გრწამდეთ ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა“.