Site icon Civil.ge

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია ნათია ზოიძის „ზეწოლის“ გამო გადადგომით

ფოტო: rsf.org

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის „იძულებით“ გადადგომას გამოეხმაურა. პარიზში დაფუძნებულმა პრესის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია“ ქვეყანაში პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლებისათვის ძირის გამომთხრელი პოლიტიკური ზეწოლის ამ ბოლო გამოვლინებით.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ 5 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში თავად ნათია ზოიძის Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილიც მოიშველია, რომელშიც  გადამდგარი დირექტორი გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ პროცესს“ უკავშირებდა.

ამასთან, ორგანიზაციამ აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების ის ნაწილიც დაიმოწმა, სადაც მათ „სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის“ მცდელობაზე ისაუბრეს. აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი ასევე წერდა, რომ „მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო“.

ორგანიზაციის შეფასებით, ნათია ზოიძის გადადგომა საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდის ნიშანია. ამასთან, RSF-მა დაწერა, რომ თანდათან იზრდება დამოუკიდებელ მედიაზე ხელისუფლების მოკავშირეების კონტროლი. ამის მაგალითად ორგანიზაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შემთხვევა დაასახელა.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული მაუწყებლებისადმი პოლიტიკურად მიკერძოებული ზომების გატარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისთვის“ 15 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის გადავადებას დასთანხმდა, მაშინ როცა იგივე მიდგომა კრიტიკული ტელევიზიებისადმი – „კავკასია“ და „TV პირველი“ – არ გამოიყენა.

RSF-მა განცხადებაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რომ ერთ დროს ოპოზიციურობით გამორჩეული არხი ახალმა ხელმძღვანელობამ ხელისუფლების პოზიციის „გამხმოვანებლად“ აქცია.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ყურადღება „მთავარი არხისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლების – ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავებზეც გაამახვილა.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ გადადგომის შესახებ 2 თებერვალს დაწერა. ზოიძემ თქვა, რომ ეს „ნებაყოფლობითი პროცესი“ არ იყო.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)