ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ.
- უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა შეუფარდა
- უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს წყვეტს
„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
გია ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ [უგულავამ] 50 მლნ მოიპარა და ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და არ დატოვონ ეს საკითხი ისე. პოლიტიკური ფიგურაა, არ არის პოლიტიკური ფიგურაა, მნიშვნელობა არ აქვს… ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა, დაკავება, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ვერ გადაწყვეტს საკითხს. ჩემი პერსონალური შეფასება აქ არაფერ შუაშია“.
დავით მათიკაშვილი – ქართული ოცნება: „ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი… არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში პროფესიები ან პოლიტიკური მიმართულებები ან პოლიტიკური პარტიები, რომლის წევრებიც არიან ინდულგირებული სამართლებრივი სივრციდან… ეს არის სუფთა წყლის იურიდიული დავა… თუ კი პიროვნება, ადამიანი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, არის ან პოლიტიკური წარსულის ან მიმდინარე პოლიტიკოსი არის ასეთი ტრენდი შექმნილი, რომ აუცილებლად უნდა იყოს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე… ზოგადად არცერთი ადამიანის დაპატიმრება შეიძლება არ გიხაროდეს და ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ მეორეა სამართლის აღსრულება, ის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონი“.
ოპოზიციის შეფასება
გრიგოლ ვაშაძე – ნაციონალური მოძრაობა: „ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, [პროტესტის] ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. აი გიგი, რომ ციხეში წავა კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს და შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან მკაფიოდ ჩანდა ივანიშვილის და ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი ფასით დაეკავებინათ გიგი უგულავა, მაგარმ ის რაც მოხდა დღეს და როგორი ფორმითაც, რა მიზეზითაც, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაწესდა კიდევ ერთი სამარცხვინო პრეცედენტი იმის, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი ინსტიტუტი, აღარ არსებობს სასამართლო, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი… დღეს ამ სასამართლომ გვითხრა, რომ თუ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს ნებისმიერ წარსულ საქმეზე, ნებისმიერ დროს ჩადენილ პრობლემაზე, მიუხედავად იმისა სასჯელი მოხდილი გაქვს თუ არა, ხელახლა მიგისჯით სასჯელს და ხელახლა გაგიშვებთ ციხეში. ეს კანონის იმიტაციაც კი აღარ არის, ეს არის პირდაპირი უკანონობა, რომელიც დღეს ქვეყანაში განხორციელდა უზენაესი სასამართლოს ხელით. ამიტომ ასეთ პირობებში ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, განაჩენი, რომელიც დღეს დადგა გიგი უგულავას მიმართ, ეს არის განაჩენი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. დღევანდელმა ხელისუფლებამ გადალახა ის ზღვარი, რომლის უკანაც პროცესები ვეღარ შემობრუნდება… პასუხისმგებელი ამაზე არის ქართული ოცნება, ამის ფასს გადაიხდის ქართული ოცნება“.
დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტია: „ბიძინა ივანიშვილი დაადგა ასლან აბაშიძის გზას. გიგი უგულავას აქვს ასლანზე გამარჯვების გამოცდილება, მას გაცილებით დიდი დოზით ექნება გამოცდილება, ძალიან მალე არჩევნებით ბიძინა ივანიშვილზე გამარჯვების“.
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა: „აბსოლუტურად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული… მე არ მახსოვს არცერთი პერიოდი, როდესაც ადამიანს ერთი და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ ასამართლებდნენ… ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის სამართლებრივი ნორმების ელემენტარული დარღვევა და აბსოლუტური იგნორირება. ეს არის განცხადება, რომ საქართველოში კანონი უბრალოდ აღარ არსებობს. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ეს არის ახლა ამის ღია დეკლარირება“.
გიორგი ვაშაძე -ახალი საქართველო: „ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის, სასამართლოს და პროკურატურას ფორმალურად ზურგს უკან ამოფარებული, ქოც-ბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ, თქვენ გეშინოდეთ, ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებთ არცერთი ნაბიჯი უკან… გიგი უგულავა არის ღირსეული ადამიანი, რომელიც ღირსეულად შეხვდება ამას [განაჩენს] და ჩვენ ყველანი ვდგავართ მის გვერდით. ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ – წელს თქვენი აღსასრულის წელია“.
ფიქრია ჩიხრაძე – ლელო საქართველოსთვის: „ჩვენ უკვე დღეიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება გადავიდა რეპრესიების ახალ ეტაპზე, სისხლიანი რეპრესიების ახალ ეტაპზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ყოვლად დესტრუქციული ხელისუფლება, ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს არგუმენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან, ხელისუფლება, რომელსაც ჰგონია ოპოზიციას დაასუსტებს გამორჩეული ოპოზიციური ლიდერების დაჭერებით, ხელისუფლება რომელსაც აღარ აქვს აღარაფერი სათქმელი ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან… ამიტომ თუ ხელისუფლება მიდის უკომპრომისო დაპირისპირებაზე, ჩვენც ვართ მზად იმისთვის, რომ სრულიად უკომპრომისო ვიყოთ ამ ბრძოლაში“.
თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „პოლიტიკური დატვირთვაც აქვს ამ საქმეს და პოლიტიკური დატვირთვა მისი არის ძალიან ნეგატიური, მან ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის სხვა თემებზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)