Site icon Civil.ge

აშშ-ის საელჩო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს

ფოტო: facebook.com/usingeo/

ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ქართულ ოცნებასთან დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ, რასაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავება უძღოდა წინ, აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ „მხარს უჭერს“ მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც „საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს“.

„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში იქვე ხაზგასმულია, რომ „დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ოპოზიციამ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ, გუშინ მას შემდეგ განაცხადა, რაც უზენაესმა სასამართლომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სამკაციანმა კოლეგიამ ორი ხმით, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასიალაიას ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ და ასევე უზენაეს სასამართლოში ახლადგამწსებულმა მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს. უგულავას საქმის მეორე ინსტანციაში განხილვის დროს, გენერალური პროკურორი სწორედ შალვა თადუმაძე იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)