Site icon Civil.ge

საერთაშორისო შეფასებები უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე

გიგი უგულავა 2019 წლის 17 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთან პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი პირველი იყო, რომელმაც უგულავას გასამართლება საჯაროდ დაგმო. „იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არ იქნებოდა საკმარისი შეფასება“, განაცხადა მან და დასძინა, რომ „სასამართლოს იარაღად გამოყენება არ არის დემოკრატია“.

კინზინგერის შემდეგ განცხადება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ჯიმ რიშმაც გააკეთა და ოპოზიციური პოლიტიკოსების „პოლიტიკურად მოტივირებული“ დევნის გამო იმედგაცრუება გამოთქვა. „როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლო დამოუკიდებლობის დანგრევა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი საქციელია“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.

საქართველოს უზენაესი სასამათლოს გადაწყვეტილება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმაც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ „მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება“.

გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ 10 თებერვალს ცნო და მას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლეთა სამკაციან კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორი და აწ უკვე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძეც თავმჯდომარეობდა.

უგულავას დაპატიმრების ფონზე, ოპოზიციამ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დაწყებული მოლაპარაკებები შეწყვიტა და მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადავიდა. ზუსტ გეგმას ოპოციცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)