Site icon Civil.ge

დონალდ ტუსკი: „შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებით და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღებით“

დონალდ ტუსკი - ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, ფოტო: newsroom.consilium.europa.eu

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეხმაურება და ამბობს, რომ იგი გიგი უგულავას გასამართლებითა და საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების „მიზანში ამოღებით შეშფოთებულია“.

„დაუშვებელია მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყენება. მმართველმა ელიტამ თანაბარი შეჯიბრებითობა უნდა უზრუნველყოს. საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია“, – წერს დონალდ ტუსკი Twitter-ზე.

ტუსკის განცხდებას წინ უგულავას საკითხთან მიმართებით სხვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც უძღოდა.

უზენაესი სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კოლეგიის ორმა წევრმა – შალვა თადუმაძემ (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ცოტა ხნის წინ დაინიშნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)