Site icon Civil.ge

ODIHR-ის დირექტორი შეშფოთებულია საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგებორგ გისლადოტირი, ფოტო: facebook.com/osce.odihr/

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორმა ინგებორგ გისლადოტირმა Twitter-ზე დაწერა, რომ იგი იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოხატულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე, რამაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ჩაშლას და მოუწოდებს მხარეებს, რომ ხელახლა ჩაერთონ პროცესში.

უზენაესი სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ არსებულ ვითარებაში დიალოგის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და ისინი მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადადიან, რაც პროტესტის სხვადასხვა ფორმას, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას გულისხმობს. მათვე 4 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციაც დაგეგმეს, სადაც ისინი საზოგადოებას მოქმედების დეტალურ გეგმას გააცნობენ.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს, ხოლო მმართველი პარტია აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

უგულავას გასამართლებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება მოჰყვა. 12 თებერვალს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის „დეტალურად ეცნობა“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას საქმეზე.

ამასთან, განცხადებები გამოაქვეყნეს ლატვიის, შვედეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებები, სადაც უგულავას საქმეზეც მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოხატეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)