Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება

Retrieved from Irakli Garibashvili's Twitter account.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრას ესწრება, რომელიც ნატოს შტაბბინაში 12-13 თებერვალს იმართება.

12 თებერვალს ღარიბაშვილმა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, რაიმუნდას კარობლისთან გამართა ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროს ტრანსფორმირების საქმეში.

ნატოში ლიეტუვას მუდმივი დელეგაციის ინფორმაციით, მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და კიბერთავდაცვის გაძლიერების, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საქმეში.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან ნიკოლაე იონელ ჩიუკასთან შეხვედრის დროს, ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა. მან ხაზი გაუსვა რუმინეთის წვლილს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში. მხარეები მომავალში ვიზიტების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მის ბულგარელ კოლეგას კრაზიმირ კარაკაჩანოვსაც შეხვდა. „ჩვენ განვიხილეთ ბულგარეთის წვლილი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში და ჩვენი მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნატოს შტაბბინაში ღარიბაშვილი მის ჩეხ კოლეგას ლუბომირ მეტნარს შეხვდა. მხარეებმა ლოჯისტიკური და სამხედრო განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას.

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში.

ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტს 13 თებერვალს დაასრულებს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის გერმანიაში გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)