Site icon Civil.ge

საქართველოს ოფიციალური პირები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

მარკ ესპერი და გიორგი გახარია, მიუნხენი, გერმანია, 14 თებერვალი, 2020, ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ზალკალიანი და თეა წულუკიანი შედიან, 14-16 თებერვალს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მათი პრესსამსახურების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრები ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ.

14 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გახარია აშშ-ის თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდა. მხარეებმა სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ ორმხრივ ვალდებულებებზე ისაუბრეს. „აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოხარულები ვართ გლობალრ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო“, – განაცხადა ესპერმა.

თავის მხრივ, გახარიამ მადლობა გადაუხადა მას აშშ-ის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიიმართოს.

საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ოფიციალურ პირთან შეხვედრას, თავიანთ კოლეგებთან ცალ-ცალკე შეხვედრებიც გამართეს.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის კანადელ კოლეგას, ჰირჯატ საჯანს შეხვდა. შეხვედრაზე ღარიბაშვილმა კანადასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში მის წვლილზე ისაუბრა. მან ხაზი კანადის ხელმძღვანელობით საქართველოში დაგეგმილი „Maple Arch“-ის სწავლებასაც გაუსვა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის ინდოელ კოლეგასთან სუბრამანიამ ჯაიშანკართან შეხვედრაზე ბიზნესის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთთან ურთიერთობების განვითარება“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)