კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებული „საგანგაშო“ პროცესების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა „მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს“.
„2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი, არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი“, – ვკითხულობთ კოალიციის მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც დაიცავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. პარალელურად კი, ისინი პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვენ.
გუშინვე, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშოროსიო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. მათ აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და საჭიროების შემთხვევაში, მათი ინტერესების დაცვისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
რას მოჰყვა არასამთავრობოების განცხადებები?
არასამთავრობოების გამოხმაურებებს წინ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძის მიერ 14 თებერვალს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი უძღიდა, სადაც მან აღნიშნა, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი „არასასურველი ადამიანების დევნით“ არიან დაკავებულნი.
ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ახალი დირექტორის არჩევიდან რამდენიმე დღეში, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების გუნდის ერთმა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და „თანამშრომლებზე თავდასხმის, დისკრედიტაციისა“ და „დაუსაბუთებელი ბრალდებების“ შეწყვეტა მოითხოვა.
მისი განმარტებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსზე შორენა ღლონტზე ერთი წლის წინანდელ შემთხვევასთან მიმართებით დისციპლინური წარმოებაა დაწყებული. ამასთან, ბაკურიძე ამბობს, რომ უქმდება მოადგილეების შტატებიც, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც, რომელიც მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიცაა. აგრეთვე, თეონა ბაკურიძის განცხადებითვე, გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთ წამყვანს მალხაზ რეხვიაშვილს გადაცემის წამყვანობას ედავებიან, რადგანაც „ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსია“.
„დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. არ გააქვს გარე წარმოებაზე პრიორიტეტით განსაზღვრული გადაცემა, რასაც აქამდე სტუდია REC და ირმა ზოიძე აკეთებდა. ამტკიცებს, რომ ამის მომზადება შიგნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ რა რესურსით, ბუნდოვანია. ცნობისთვის, მიზეზად საარჩევნო წელი და რისკი სახელდება – შემთხვევით, ნაცებმა არ მოიგონ კონკურსიო“, – დაწერა წამყვანმა.
ალტერნატიული პროფკავშირის გამოხმაურება
ბაკურიძის განცხადებას გუშინ მალევე აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაც მოჰყვა, სადაც მაუწყებლში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მაუწყებლის არსებობისთვის საჭირო მოუგვარებელ პრობლემებზეა საუბარი.
„ამგვარ პირობებში სარედაქციო მიმართულებით „მუხლჩაუხრელი“ მუშაობა, კონკრეტულ წარმოდგენას გვიქმნის ხელმძღვანელობის პრიორიტეტებზე. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, ძირითადად, ეხება ჩვენს წევრებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ჩვენი კრიტიკული პოზიციები და თვითორგანიზების მცდელობამ გაამძაფრა უკმაყოფილების განცდა“, – ვკითხულობთ ალტერნატიული პროფკავშრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალტერნატიულ პროფკავშირში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი წევრების მისამართით ხელისშემშლელი ქმედებები კვლავ გაგრძელდება, ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და პროკურატურას მიმართავენ.
„ნებისმიერი მცდელობა, დააშინონ თანამშრომლები დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ, არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის“, – აცხადებენ ალტერნატიულ პროფკავშირში.
ამბის წინაისტორია
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე სამი წლის ვადით 22 ნოემბერს აირჩიეს. მას მხარი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა დაუჭირა. საბჭოში სამივე მათგანი ქართული ოცნების კვოტით არის შესული.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. კაპანაძეს თანამდებობა ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაატოვებინეს.
მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მმართველ გუნდს მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდა და დირექტორის იმპიჩმენტი სწორედ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენციით ჩანაცვლებას ემსახურებოდა.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის დამოკიდებულება არჩევის დღესვე გახდა ცნობილი. თავდაპირველად მან გასაუბრებაზე თქვა, რომ ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა ისწავლონ. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიის საღამოს ეთერში სტუმრობისას კი, მან წამყვანს უთხრა, რომ თუკი რესპონდენტი კონკრეტული ტელევიზიის ეთერში სტუმრობაზე უარს ამბობს, ეს არა სტუმრის, არამედ თავად მაუწყებლის ბრალია.
საუბარი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ დასმული კრიტიკული კითხვების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ. მათ შორის იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)