Site icon Civil.ge

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-მ აფთიაქებიდან ქართული წარწერების მქონე მედიკამენტები ამოიღო

ოძისი-მოსაბრუნის გამშვები პუნქტი, ფოტო: twitter.com/erik_hoeg

ოკუპირებული ცხინვალის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ მიერ 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარებული შემოწმების შედეგად უწყებამ, აფთიაქებიდან ქართული წარწერის მქონე მედიკამენტები ამოიღო.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ“ რეგიონში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ასეთი მედიკამენტები („კრესტორი“, „ჰგემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსი“, „ვოლტარენი“ და „ფლუკოლდ N“) ორ აფთიაქში აღმოაჩინეს და ისინი გაყიდვიდან ამოიღეს.

საკითხზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მან ამ ფაქტს „სამწუხარო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „მიზანმიმართული პოლიტიკაა“, რათა „ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირებისა და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან“.

მისივე შეფასებით, ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება „ადამიანების წინააღმდეგ“ არის მიმართული და ამით ზარალდება არა მხოლოდ ქართველი, არამედ ბევრი ეთნიკურად ოსი მოსახლეც ზარალდება, რადგანაც „წამლებს იყენებს ყველა“.

„საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არის დაცული და ეს წამლები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის… იმის გამო, რომ მედიკამენტებს აქვს ქართული წარწერა და ხდება მათი ამოღება, ფაქტობრივად ამ ადამიანების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულვებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)