82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა 18 თებერვალს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას კენჭი საკითხის განხილვის გარეშე უყარეს.
შოთაძის კანდიდატურის განხილვის გარეშე კენჭისყრის ინიციატივა დღეს ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დააყენა. მანვე განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თითქმის შვიდი საათის განმავლობაში უსმენდნენ და მისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე აღარ განიხილავდნენ. მან კიდევ ერთ მიზეზად ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციების საფრთხეც მიუთითა.
შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრამ დღეს საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მათმა მხარდაჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაც გამართეს და საკანონმდებლო ორგანოში მისულ უმრავლესობის დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორები მოუწყეს.
ერთანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ დღეს პარლამენტს შოთაძის კანდიდატურის დამტკიცებით კიდევ ერთი „სამარცხვინო“ გადაწყვეტილება უნდა მიეღო. „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს სამარცხვინო მეორედ მოსვლები“, – დასძინა მანვე.
„ეს პროცესი ამ ქვეყანაში დასრულდება და აქციებიც სწორედ ამას ემსახურება… გაიგონებენ ჩვენს ხმამაღალ პროტესტს და ამის ფონზე მოუწევთ შოთაძის კანდიდატურის განხილვა. ვიქნებით ყველაგნ, სადაც ისინი იქნებიან, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებთ შევუქმნათ კომფორტი, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ სახელმწიფო უწყებებში“, – განაცხადა მანვე.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ კი – ირაკლი შოთაძეს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ გამოძიებებზე დააკისრა პასუხისმგებლობა და თქვა, რომ მისი თანამდებობაზე ხელახლა დაბრუნება, „საზოგადოების აბუჩად აგდებაა“.
„შოთაძეს მოუწია პასუხისმგებლობა აეღო იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც პროკურატურის სისტემაში იყო ჩადენილი და რომელიც უკავშირდებოდა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გაყალებებას, პირადი მოტივაციით… ამ სტუაციაში, მისი კვლავ თანამდებობაზე დაბრუნება არის საზოგადოების დაცინვა“, – თქვა მან და იქვე დასძნა „ეს კარგად გვაჩვენებს თუ როგორი სასოწარკვეთილია ივანიშვილი და ხელისუფლება,როგორ აღარ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ პირადი ერთგულების ნიშნით დააბრუნოს კადრები და ჰყავდეს ძირითად თანამდებობებზე, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ მის ახირებებს“.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში აქცენტი კვლავ საპროტესტო აქციის მონაწილეების რაოდენობაზე გააკათეს. „ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი და უხერხულია უკვე“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. „თქვენც ეხმარებით ამ ადამიანებს, ნებსით თუ უნებლიეთ, რომ ეს პერფორომანსები დაიდგას“, – მიმართა მანვე ჟურნალისტებს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, კი – „ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც უმრავლესობა მხარს უჭერს კანდიდატურას და ოპოზიცია არის წინააღმდეგი“. მისივე თქმით, „ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი“, რომელმაც „თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი“ და რომელსაც „აქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ დაბრუნდეს გენერალური პროკურორის პოზიციაზე და ღირსეულად იმუშაოს“. „200 ნაცის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის რეალობა“, – დასძინა მანვე.
ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარიმართა ირაკლი შთაძის მოსმენა 17 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც. ერთანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველო სეპუტატები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ და ირაკლი შოთაძეს უთხრეს, რომ ის მისი „მონაა“. მათვე დეპუტატებს პოლიტპატიმრების ფოტოები დაურიგეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა.
ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა. მან თანამდებობა 2018 წლის მაისში მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ფართომასშტაბიან აქციებში გადაიზარდა.
შოთაძის შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს შალვა თადუმაძეს ეკავა. გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)