30 იანვარს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) „კავკასიის ბარომეტრის“ 2019 წლის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. „კავკასიის ბარომეტრი“ საზოგადოებრივ აზრს 2008 წლიდან იკვლევს. ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის მქონე კვლევამ მრავალი თემის – მათ შორის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, კონფლიქტების, ჯანდაცვის, მიგრაციის, ღირებულებებისა თუ სხვათა შესახებ – მოსახლეობის განწყობა შეისწავლა. ქვემოთ თავი მოვუყარეთ კვლევის მიგნებებს, რომლებიც, ცვლილებების გზაზე შემდგარ ქართულ საზოგადოებას დაგანახებთ.
ნდობა-გამოცლილი დემოკრატია
ადამიანის თვითაღქმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობისა და ქცევის ჩამოყალიბებაში. მოსახლეობის თვითაღქმა ქვეყნის სვე-ბედის შესახებაც ბევრს გვეუბნება. 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მეორე რესპონდენტი საქართველოს „დიდი პრობლემებით“ დაზიანებულ დემოკრატიად აღიქვამს. მოსახლეობის მეოთხედი ქვეყანას „მცირე პრობლემების“ მქონე დემოკრატიად უყურებს. გამოკითხულთა მხოლოდ 4 % მიიჩნევს, რომ საქართველო „დემოკრატიულია“.
განწყობების განაწილება საკმაოდ ერთგვაროვანია, თუ შედეგებს რესპონდენტთა სქესის, ასაკის, განათლებისა და დასახლების ტიპის მიხედვით გავაანალიზებთ. დემოკრატიაზე გულაცრუების მსოფლიო ტენდენციამ გამოხმაურება საქართველოშიც პოვა. 2012 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა 68 %-მა თქვა, რომ დემოკრატია სხვა ყველა პოლიტიკურ წყობაზე უკეთესია. შვიდი წლის შემდეგ სახელმწიფოს მოწყობის ამ ფორმას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარიღა უჭერს. აღსანიშნავია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეთა საგრძნობი წილი (დაახლ. 30 %) დემოკრატიის მიმართ გულგრილი რჩებოდა ან შეკითხვაზე პასუხს თავს არიდებდა.
რატი შუბლაძე, CRRC-ის მკვლევარი, საზოგადოებაში დემოკრატიის მხარდაჭერის შემცირებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მზარდ უნდობლობას შორის ავლებს პარალელს. ნამდვილად, დიაგრამებზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ შემდეგი სურათი დავინახოთ – მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მთავრობას და მის პოლიტიკას (საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, მართლმსაჯულების თუ სხვა) უნდობლობით ეკიდება, საქართველოს უფრო ნაკლებად დემოკრატიულად აფასებს. მოსახლეობაში მმართველი პოლიტიკოსებისა და მათი ქმედებების მიმართ დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ აღიქვამენ მოქალაქენი თავიანთ სახელმწიფოს “პრობლემურ” დემოკრატიად.
მტერი და მოყვარე
საქართველოში ცოტა თუ დაგზარდებათ პასუხს შეკითხვაზე, ვის მიიჩნევს საუკეთესო მეგობრად – მზრუნველ და-ძმას, ბავშვობის მესაიდუმლესა თუ ნდობით აღჭურვილ მრჩეველს. თუმცა, ბევრი უარით გაგისტუმრებთ, თუ მათზე დანასისხლად გადამტერებულის ვინაობის დასახელებას მოსთხოვთ.
ვითარება რადიკალურად იცვლება, თუ რესპონდენტებს თავიანთი ქვეყნის მტერ-მოყვრებზე მსჯელობას მოვთხოვთ. 2019 წელს ჩატარებული „კავკასიის ბარომეტრის“ შედეგებით, მოსახლეობის 26 % ფიქრობს, რომ საქართველოს „მეგობარი [სახელმწიფო]“ არ ჰყავს. ათი პროცენტული პუნქტით შემცირდა მათი ოდენობა (2013 წელთან შედარებით), ვინც საქართველოს მთავარ პარტნიორად აშშ-ს მიიჩნევს. უნდა აღინიშნოს, რომ გაუარესდა რუსეთის, როგორც მთავარი მეგობრის პოზიციაც – ჩრდილოელ მეზობელს ამგვარად მხოლოდ 3 % უყურებს.
ქართველები ნაკლებს ორჭოფობენ, როცა საქმე ქვეყნის მთავარ მტერზე მიდგება. გამოკითხულთა წილმა, ვინც ასეთად რუსეთს მოიაზრებს, 35 %-დან (2015-ში) 49 %-მდე მოიმატა. თვალშისაცემია ამ კითხვაზე რესპონდენტების პასუხსა და მათ ასაკს, განათლების დონესა და დასახლების ტიპს შორის. თბილისის მაცხოვრებლები უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები ყველა სხვა ჯგუფზე უფრო ხშირად ასახელებენ მტრად რუსეთს. ამგვარი განწყობა იკლებს ასაკოვან მოქალაქეთა, საშუალოზე დაბალი განათლების მქონეთა და რეგიონების მკვიდრთა შორის.
საქართველოს კეთილმოსურნეების დასახელებისას მეტი ყოყმანი კარგად ეხამება მოსახლეობაში საყოველთაოდ გამეფებული სკეპტიციზმის ფონს. შუბლაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იოლ და შეუქცევად პროცესად აღიქვა, როგორც ამას პოლიტიკოსები წარმოაჩენდნენ. მისი თქმით, პროცესის დროში გაწელვამ და ბუნდოვანებამ ბევრ გამოკითხულს გაუჩინა ეჭვის მარცვალი. რომ შევაჯამოთ, საგარეო პოლიტიკის განსჯისას ქართველები მტრის ხატს უფრო გარკვევით ხედავენ, ვიდრე – მოყვრის.
მიუხედავად ამისა, CRRC-სხვა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ უმრავლესობა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას. „კავკასიის ბარომეტრი“ ამ მხარდაჭერის მიზეზებსაც ჩაეძია. გამოკითხულთა ნახევარი, ვინც ევროკავშირში შესვლას ეთანხმება, აცხადებს, რომ ეს „მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“. ეკონომიკურმა დასაბუთებამ თავი იჩინა ნატო-ს შემთხვევაშიც, ასე სამხედრო ალიანსში გაწევრების ქომაგთა მეხუთედი ფიქრობს. როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან მიერთების მოწინააღმდეგები კი ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციებში „გაწევრება საქართველოს ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს, არაფრის მომცემი იქნება“.
კონფედერაციის მოკრძალებული ხიბლი
საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის განწყობა თანდათან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პოლიტიკური მომავლის მიმართაც იცვლება. მოსაზრებას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი ავტონომიის გარეშე უნდა იყოს, რესპონდენტების 70 % ეთანხმება. შედარებისთვის, იმავე გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის მისაღებია, რომ აფხაზეთმა (საქართველოს შემადგენლობაში) უფლებით ისარგებლოს. 17 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ რესპონდენტთა ოდენობა, ვინც მონაწილეობით კონფედერაციის დაფუძნებას ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, გამოკითხულების მეხუთედი მისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას ეთანხმება. კიდევ 36 % ამ მოსაზრებას გაიზიარებდა, თუმცა „[ცხინვალის მიერ] გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“.
ამ ფონზე, გამოკითხულთა უმრავლესობას ფეხი არ დაუძრავს პოზიციიდან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას არცერთი პირობით არ დაეთანხმება. მოსახლეობის 85 % მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეყოს (იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შემთხვევაშიც).
შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა, უკეთ განათლებული და ქალაქში მაცხოვრებელი ქართველები ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში მეტად შემრიგებლური პოზიციით გამოირჩევიან. შუბლაძის აზრით, აღნიშნულის უკან შესაძლოა დროის ფაქტორი დავინახოთ. ახალგაზრდებს კონფლიქტებით დახუნძლული ოთხმოცდაათიანების მოგონებები ნაკლებად ახსენდებათ, მათთვის ამ თემას ეროვნული მნიშვნელობის სხვა პრობლემები (უმუშევრობა, სიღარიბე) გადასძალავსო – გვითხრა მან.
ცვლილებების სიო: სქესთა შორის თანასწორობა უფრო და უფრო მისაღებია
თუ CRRC-ის მონაცემებით მდიდარ ინტერნეტარქივს გადაქექავთ, დაასკვნით, რომ საზოგადოებაში ყველაზე მყარად „გამჯდარი“ სოციალური ნორმებისა და ღირებულებების მიმართ კონსერვატიული დამოკიდებულებაა. თუმცა, გასული წლის „კავკასიის ბარომეტრმა“ ოდნავ გადასხვაფერებული სურათი დაგვანახა.
დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობისათვის საგრძნობლად უფრო მისაღებია ემანსიპირებული ქალის „ხატი“. მათი წილი, ვინც ქალისთვის ქორწინებამდე სექსს დაუშვებლად მიიჩნევს, 80 %-დან (2010-ში) 63 %-მდე შემცირდა. პარალელურად, მოსახლეობის 27 % 18-25 წლის ქალისთვის პარტნიორთან ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას მისაღებად მიიჩნევს (ათი წლის წინ ამას მხოლოდ გამოკითხულთა 8% ეთანხმებოდა). საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეკითხვებზე ორივე სქესის რესპონდენტები ერთნაირად პასუხებენ. განსხვავებულ პასუხებს ასაკსა და განათლების დონეზე დაკვირვებისას ვაწყდებით.
საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა ბავშვის სასურველი სქესის მიმართაც. გამოკითხულთა უმეტესობა (57 %) აცხადებს, რომ „თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, მათთვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს“. რესპონდენტების 65 % მიიჩნევს, რომ ოჯახში მარჩენალი კაცი უნდა იყოს. თუმცა, მათი წილი, ვინც ოჯახის რჩენის ვალდებულებას ორივე სქესზე თანაბრად გადაანაწილებდა, გაორმაგდა და 34 %-ს აღწევს.
„კავკასიის ბარომეტრი“ შეეცადა ოჯახში რეალური „შემომტანის“ შესახებ საზოგადოების აზრიც გაეზომა. გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ სინამდვილეში საქართველოში ოჯახის მარჩენალი ქალია, 39% კი ფიქრობს, რომ ოჯახში შემომტანი სინამდვილეში მამაკაცია. რესპონდენტების 20 % ოჯახში „შემომტანად“ ორივე სქესის წარმომადგენელს მიიჩნევს.
ზემოთ მოტანილი ციფრები კარგად აჩვენებს დანახულსა და რეალურად არსებულს შორის სხვაობას. აშკარაა, რომ მოსახლეობა ტრადიციით განსაზღვრულ ნორმებსა და ღირებულებებს სასურველად მიიჩნევს, სასურველის ცხოვრებაში განხორციელებას ყოველთვის ვერ ახერხებს. შუბლაძე შენიშნავს, რომ ქართული საზოგადოება ნელ, მაგრამ გაზომვად ტრანსფორმაციას განიცდის. მან CRRC-ის კვლევებით გაზომილი მოსახლეობის რელიგიურობა და რელიგიის პრაქტიკა გაიხსენა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავს ამა თუ იმ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნებს. ამავდროულად, ცხრიდან ათი ქართველი მიიჩნევს, რომ რელიგია მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის მიუხედავად, მორწმუნე გამოკითხულების მხოლოდ 16 % ესწრება რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ ან უფრო მეტი სიხშირით. აგრეთვე, რესპონდენტების მხოლოდ 6 % მარხულობს მათი რელიგიით განსაზღვრული სიხშირით.
გამოკითხვას მომავლის მჭვრეტი შეკითხვა ასრულებს. მოსახლეობის 69 % ეთანხმება, რომ „საბოლოო ჯამში, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება“. ჩვენც ასე ვიმედოვნებთ.
This post is also available in: English (ინგლისური)