შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „რეალური ჰუმანიტარული კრიზისია“, რომელიც მინისტრის შეფასებით, „დღითიდღე მძიმდება“.
ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, „სამხრეთ ოსეთი-რუსეთი საზღვარზე“ პროდუქტებით დატვირთულ მანქანებს არ ატარებენ და ამის მიზეზად ახალი კანონი ასახელებენ. კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის მებაჟეები ცხინვალისკენ მიმავალ ტვირთებზე ევრაზიული საბაჟო კავშირის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას ითხოვენ.
„რეს“-ისვე ინფორმაციით, საკითხის მოსაგვარებლად „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ რუს კოლეგებთან მოლაპარაკებები აქვს.
ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, იმ ზომების ერთობლიობა, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი მიმართავს, „პრობლემებს უქმნის“ არამხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს „განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა“.
„ამაზე ხმამაღალი მანიფესტი იმის, რომ რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებს, როგორც ქართველების და ოსების ალბათ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
აღნიშნულის ფონზე სახელმწიფო მინისტრი ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის „დაუყოვნებლივი და წინაპირობების გარეშე“ გახსნის აუცილებლობაზე მიუთითებს და საოკუპაციო რეჟიმს სწორედ ამისკენ მოუწოდებს.
- ცხინვალი თბილისს „კრიზისის პროვოცირებაში“ ადანაშაულებს და გამშვებ პუნქტებს კეტავს
- ცხინვალმა ახალგორელი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა
„ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯი და მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმს და დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ახალგორის ისე მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)