საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს დუმილით აპროტესტებს და ამბობს, რომ „აჭარის მაუწყებელში სუს-ია“.
ერთწუთიანი მდუმარე პროტესტი მაუწყებლის ჟურნალისტებმა, გუშინ, დღის მთავარი საინფრომაციო გადაცემის მიწურულს პირდაპირ ეთერში გამოხატეს და ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითეს.
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აჭარის მაუწყებლის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
- აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია გაიმართა
„ჩვენ რამდენიმე თვეა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ღია შტურმი მიმდინარეობს. ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან“, – თქვა დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ, რომლის გარშემოც საპროტესტო წარწერებით ხელში ჟურნალისტები იდგნენ. ეთერში ერთი წუთის განმავლობაში სრული სიჩუმე იყო.
აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების პროტესტი, გუშინ საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლებას მოჰყვა, რომლის მიმართაც ერთი წლის წინანდელ შემთხვევასთან მიმართებით, დისციპლინური წარმოება იყო დაწყებული.
გუშინ, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებისდამი სოლიდარობა სხვადასხვა მაუწყებლისა თუ ონლაინგამოცმების ჟურნალისტებმაც გამოხატეს. მათ ვიდეომიმართვები ჩაწერეს და ამ ფორმით მაუწყებელში ცენზურის დაწესებისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა გააპროტესტეს.
რა პროცესები მიმდინარეობდა აჭარის მაუწყებელში?
მანამდე აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა და მაია მერკვილაძეს, რომელსაც ამ პოსტის პარალელურად რედაქტორის თანამდებობაც ეკავა, 26 თებერვლიდან უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. როგორც მაუწყებლში განმარტავენ, მას არარსებული ტოქშოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზეს. მან შეთავაზება მიიღო და მაუწყებელში დარჩა.
მაია მაერკვილაძე ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ შეცვალა, რომელმაც პოსტი ასევე გუშინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი უფლებამოსილება დროებით აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა ფირუზ ბოლქვაძემ გადაიბარა. იგი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსშიც მონაწილებდა.
მანამდე, 25 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, აჭარის მუწყებელი თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემაც დატოვა.მან მაუწყებლის დირექტორს წერილობით მიმართა და უთხრა: „დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის“.
უფრო ადრე კი – 2 თებერვალს, მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა და თქვა, რომ ეს „ნებაყოფლობითი პროცესი“ არ იყო. ზოიძე ამ თანამდებობაზდე ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა შეცვალა.
აჭარის მაუწყებელში განვითარებული პროცესების პარალელურად, თანამშრომლების ნაწილმა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება გადაწყვიტა და გაფიცვისთვის მზადება დაიწყო. შესაბამისი განცხადებით მაუწყებლის ხელმძღვანელობას ალტერნატიულმა პროფკავშირმა უკვე მიმართა.
ამბის წინაისტორია
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე სამი წლის ვადით 22 ნოემბერს აირჩიეს. მას მხარი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა დაუჭირა. საბჭოში სამივე მათგანი ქართული ოცნების კვოტით არის შესული.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. კაპანაძეს თანამდებობა ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაატოვებინეს.
მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მმართველ გუნდს მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდა და დირექტორის იმპიჩმენტი სწორედ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენციით ჩანაცვლებას ემსახურებოდა.
აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის დამოკიდებულება არჩევის დღესვე გახდა ცნობილი. თავდაპირველად მან გასაუბრებაზე თქვა, რომ ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა ისწავლონ. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიის საღამოს ეთერში სტუმრობისას კი, მან წამყვანს უთხრა, რომ თუკი რესპონდენტი კონკრეტული ტელევიზიის ეთერში სტუმრობაზე უარს ამბობს, ეს არა სტუმრის, არამედ თავად მაუწყებლის ბრალია.
საუბარი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ დასმული კრიტიკული კითხვების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ. მათ შორის იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)