გაზ. ერთობა, 1920 წლის 3 მარტი, N50
ბათუმის საქალაქო არჩევნები
იშვიათად მომხდარა სადმე ისეთი დიდი მნიშვნელობის არჩევნები როგორიც არის 29 თებერვალს დასრულებული ბათუმის ქალაქის საბჭოს არჩევნები. ბათუმი დღეს შეიძლება ითქვას, უპატრონო ქალაქია. ინგლისმა, რომლის დროებით მმართველობის ქვეშ იყო იგი, მთავარი თავისი შეიარაღებული ძალა გაიყვანა ბათუმიდან და მისი ოლქიდან. საქართველოს, რომლის გულიდანაც ძალით მოგლიჯეს ოსმალეთის იმპერიალისტებმა და მისი პირმშო შვილი, ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია იგი. უპატრონოთ დატოვებულ ქალაქისათვის ვინ არ ილესავენ დღეს კბილებს! მაგრამ ბათუმის და მისი ოლქის ბედის საკითხში მთავარი ყურადღება იმას კი არ უნდა მეიქცეს, თუ რომელი სახელმწიფო რამდენათ არის დაინტერესებული ამ ქალაქით, მის ნავთსადგურით, მის ოლქით. სამართლიანობის საანბანო მოთხოვნილება იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ თით ბათუმის და მის ოლქის მობინადრეთ ვკითხოთ, მათი ინტერესები რას მოითხოვენ, რომელ სახელმწიფოსკენ მისწევთ მათ გული, რომელ სახელმწიფოსთან არიან ისინი უფრო მჭიდროთ დაკავშირებულნი.
სწორეთ ეს კითხვა იდგა ბათუმის ამომრჩევლების წინაშე 29 თებერვალს.
ბათუმის მოქალაქეთ ამ უკანასკნელ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე მკაფიოთ გამოუთქვამთ თავისი გადაჭარბებული აზრი ამ საგანზე. აჭარის მცხოვრებთა მიერ წარსულ წლის 31 აგვისტოს არჩეულმა მეჯლისმა ქვეყანას ამცნო, რომ აჭარის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა ქართველ ერის განუყოფელი ნაწილათ სთვლის თავს და საქართველოს სხეულის ნაწილათ სთვლის თავის ქვეყანას.
ის მიტინგები, რომელსაც იმ დროს აჭარის ყოველ კუთხეში იმართებოდა, „ღვთის და მთელი ქვეყნის წინაშე“ ერთსულოვნათ ადასტურებდა იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელზედაც გადაჭრით დადგა აჭარლების მეჯლისი.
დღეს ბათუმის მცხოვრებთ კიდევ ერთხელ ეძლევათ შემთხვევა გამოსთქვან თავისი სურვილები „ღვთის და ქვეყნის წინაშე“ და ეს შემთხვევა ეძლევათ მათ ისეთი გადამჭრელ მომენტში, რომლის მსგავსი იშვიათად ჰქონია რომელსამე კუთხეს. 29 თებერვალს ბათუმის ამომრჩევლების წინაშე კითხვა ასე იდგა: რომელ სახელმწიფოსკენ იხრება თქვენი სიმპატიები? რომელ ერთან გრძნობ თქვენ ახლობლობას, ნათესაობას, თვისტომობას? და 29 თებერვლის არჩევნებით ბათუმის მცხოვრებთა დიდმა უმრავლესობამ ქვეყნის მესვეურთ გადაჭრილი, უდაო და საბოლოო პასუხი გასცა. არჩევნების შედეგმა თითქმის მოლოდინსაც კი გადააჭარბა: 36 ხმოსნიდან 20 გაიყვანა ქართველ ამომრჩეველთა სიამ, 8-ბერძნებმა, 4-სომხებმა, 2-რუსებმა, 1-„ბინის გამქირავებლებმა“, 1 – ებრაელებმა. ამნაირად თუნდაც ყველა დანარჩენი ფრაქციები „საქართველოს ორიენტაციის“ მოწინააღმდეგენი გამოდგენ, მის მომხრეთ მაინც ნახევარზე მეტი ხმა აქვთ ქალაქ ბათუმში და, მაშასადამე, მისი ფარქტიური პატრონები არიან. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დანარჩენ ფრაქციებში მხოლოდ დენიკინელთა თანამგრძნობი რამდენიმე ხმოსანი და შეიძლება კიდევ რამდენიმე სპეკულიანტი თუ გამოდგება „საქართველოს ორიენტაციის“ შეურიგებელი მოწინააღმდეგე. სხვები, ეჭვი არ არის გამონახავენ ქართველ ხმოსნებთან თანამშრომლობის ამა თუ იმ ფორმებს. ისე რომ ამ არჩევნების უდავო დასკვნა ერთად ერთია: ბათუმი ქართული ქალაქია და საქართველოსკენ არის მისი სული და გული. და ვინ არ იცის, რომ ბათუმის სიტყვას მთელი აჭარისთვის აქვს გადამჭრელი მნიშვნელობა.
აღსანიშნავია ის პირობები, რომელბშიაც ჩატარდა არჩევნები თვით მოსისხლე მტერი საქართველოსი ვერ იტყვის, ამ არჩევნების შედეგი სწორეთ არ ხატავს მცხოვრებთა სულიერ განწყობილებას: მთელს ქალაქში „წესიერების დამცველები“ სუყველა ძველი რეჟიმის პოლიციელები არიან; ქალაქის მესვეურთა დიდი უმრავლესობაც ძველი, საქართველოზე გაბოროტებული ჩინოვნიკობაა. მათ ხელში იყო არჩევნების ბედი და თუ მათ არჩევნების სასწორი ხელოვნურათ გადახარეს რომელსამე მხარეს, ეს რასაკვირველია, საქართველოს სასარგებლოთ არ მოხდებოდა. ქართველ ამომრჩეველთა ხელში არ იყო არვაითარი ფიზიკური საშუალება და იარაღი; ისინი ძლიერნი იყვნენ მხოლოდ იდეურ იარაღით: თვით ხალხის თანაგრძნობით, მათ ნათესავურ და თვისტომური ლტოლვებით საქართველოსკენ.
დღეს არა ხვალ ბათუმის ბედი უნდა გადაწყდეს. და ჩვენ ბედნიერათ ვგრძნობთ თავს, რომ სწორეთ ამისთანა მომენტში მოხდა ბათუმის საქალაქო არჩევნები, სწორეთ ამისთანაა წამში ხმა მაღლა ემცნო ქვეყანას ბათუმ-აჭარის მცხოვრებთა ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მკაფიო და შეუდრეკელია:
საქართველოს ვერ შეუძლიან არსებობა უბათუმო-უაჭაროთ და ბათუმ-აჭარას ვერ შეუძლიან არსებობა უსაქართველოთ!
და ამ გადაწყვეტილების წინაშე ქედი უნდა მოიხაროს ყოველმა ძალამ, რაც უნდა ფიზიკურათ ძლიერი იყოს იგი ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანი ევალება საქართველოსა და თვით ბათუმ-აჭარის დემოკრატიას.