ორშაბათი მშვიდობისა, ჩვენს ევროპულს სამეზობლოში დღეს ასეთი ამბებია:
- თურქეთის გადაწყვეტილებამ ევროკავშირი მიგრაციის კრიზისის წინაშე დააყენა
- სლოვაკეთში ანტიკორუფციულმა პარტიამ არჩევნებში იმარჯვა;
- უნგრეთი და პოლონეთი – საკუთარი გზის ძიებაში
მას შემდეგ, რაც თურქეთმა თქვა, ევროკავშირთან 2016 წელს მიგრანტების შეფარების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას აღარ შევასრულებო, საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე ვერაა საქმე კარგად.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, საზღვარი 100 ათასმა კაცმა გადაკვეთაო. საბერძნეთის თქმით, თურქი მინისტრი ტყუის – ათობით ათასმა კაცმა სცადა საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ არც შემოგვიშვია და არც შემოვუშვებთო. ათენი დახმარებას ბრიუსელიდან ელის და ამიტომაც ევროკავშირის საგარეო მინისტრების საგანგებო შეხვედრა მოითხოვა, რომელიც ხუთშაბათს ან პარასკევს შედგება.
ამასობაში თურქეთის მონაპირე სხვა ქვეყნები – ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია, ავსტრია ერთხმად აცხადებენ, რომ მიგრანტების შემოსვლას არ დაუშვებენ.
კრიზისის მოსაგვარებლად ევროკომიისიისა და ევროპული საბჭოს ლიდერები კავშირის წევრებთან ერთად იმსჯელებენ, ევროპული სასაზღვრო კავშირი “ფრონტექსი” კი საგანგებო დახმარებას გაუწევს საბერძნეთს მასალებით, პერსონალითა და ფულით.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანთან ევროპელი ლიდერები ორმხრივადაც ისაუბრებენ და მრავალმხრივადაც.
ჟურნალისტები ამბობენ, როგორც ჩანს თურქეთის ლიდერმა ვერ გათვალა რუსეთსა და ნატოს შორის ალიანსების ცვლით გამოწვეული საფრთხე, სირიის კრიზისში ზედმეტად ჩაერია და თავი შარში გაყოო. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი იმას შეახსენებს კოლეგებს, 2016 წელს თურქეთთან შეთანხმება იმისთვის დავდეთ, რომ მიგრაციაზე ერთობლივი მიდგომა ჩამოგვეყალიბებინა, და ეს ოთხი წელი უქმად რატომ დავხარჯეთო?
ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ნეტავ ვინმე თუ დაურეკავს კიდევ ერთი კრიზისის მთავარ შემოქმედს, ბატონ პუტინს?!
სლოვაკეთში კარგი ამბავი მოხდა, ანტიკორუფციულ ტალღაზე შექმნილმა “ჩვეულებრივი ხალხისა და დამოუკიდებელი პიროვნებების” პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 25%-ით გაიმარჯვა და აქამდე მმართველი პარტია 18%-ით უკან მოიტოვა. ვარაუდობენ, რომ გამარჯვებულები მათი ლიდერის, იგორ მატოვიჩის თამადობით პრო-ევროპულ და ანტიკორუფციულ კოალიციას შექმნიან. კიდევ ერთ კარგი ამბავია, რომ მოფაშისტო პარტიები ამომრჩევლებმა შეავიწროვეს და ისინი მმართველი კოალიციის გარეთ დარჩებიან. სლოვაკეთის პოლიტიკა 2018 წელს ჟურნალისტის, იან კუჩიაკისა და მისი საცოლის სასტიკმა მკვლელობამ ააყირავა. კუჩიაკი კორუფციულ სკანდალს იძიებდა, კვალმა კი გავლენიან პოლიტიკოსებამდე მიიყვანა, რაც აზღვევინეს კიდე. აწ გამარჯვებული მატოვიჩი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში, საარჩევნო კამპანიისას კი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების კავშირებს იძიებდა და ააშკარავებდა. დამკვირვებლები ამბობენ, სლოვაკეთისთვის იმედიანი დღე გათენდაო, თუმცა იმასაც შეგვახსენებენ, ხალხის გულისწყრომა, რომელმაც მატოვიჩს გაამარჯვებინა, მეორეს მხრივ ულტრა-მემარჯვენე რადიკალების აღმავლობასაც ასაზრდოვებსო.
სულ ცოტა ხნის წინათ გიყვებოდით, რომ პოლონეთში ახალი კანონი მიიღეს, რომლითაც მოსამართლეებს პოლიტიკური მოსაზრებების გამოთქმა აუკრძალეს და ურჩთა დასასჯელად მმართველი პარტიის მომხრეთაგან შემდგარი სადისციპლინო პალატა გაახაზირეს. მიმომხილველები ამბობენ, თავისთავად მოსამართლეთა პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვა სხვაგანაც მოქმედებს, მაგრამ დარღვევები დამოუკიდებელი სისტემის შიგნიდან, კოლეგიურად უნდა განისჯებოდესო.
მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი კი ისაა, რომ პოლონელმა მოსამართლეებმა “პოლიტიკური” აზრების გამოთქმა სწორედ მმართველი პარტიის მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის პასუხად დაიწყესო… ამ საკითხზე პოლონეთს ევროკავშირთან ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაუუარესდა. თუმცა, შეაყარე კედელს ცერცვი! 20 მარტს ნაკრიტიკები სადისციპლინო პალატა ერთ-ერთი მოსამართლის, იგორ ტულეიასათვის მანტიის გახდის საკითხს განიხილავს.
ტულეია თურმე მართლმსაჯულების დარგში მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კრიტიკოსი გახლავთ. ამასობაში, ნორვეგიას, რომელიც ევროკავშირის დარად ბიუროკრატიული კონსენსუსი არ სჭირდება, პოლონეთისთვის ორმხრივი დახმარება შეუწყვეტია – სწორედ კანონიერების და მართლმსაჯულების დარგში იაღლიშების გამო…
უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ადგილობრივი კათოლიკური რადიოსათვის უთქვამს, არ გამიკვირდება, თუ 2030 წლისათვის ევროკავშირი აღარ იარსებებსო, რადგანაო, დემოკარტია უმრავლესობის ნების წინააღმდეგ ვერ წავაო. ბუდაპეშტი ევროპას ამრეზით კი უყურებს, თუმცა ამავე დროს თურმე 221 მილიონ ევროს ითხოვს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეგრე სად არის თაყაო, იტყოდნენ ქართველები, ფრანგები კი დაამატებენ, ეგრე სადაა, ფქვილიც გინდოდეს, პურიც და მეპურის ცოლიცო….
ასეთი ამბები იყო დღეს. გამოგვყევით ჩვენს ვებ გვერდზე, და ფეისბუკ გვერდზე: