Site icon Civil.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას ხვდება

გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი, ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც 3-4 მარტს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, დღეს თავის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე, ორმა პრემიერ-მინისტრმა მომავალი პროექტები განიხილა, რომლებიც, ფაშინიანის თქმით, „რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას მოახდენს“.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მათ „რთულ რეგიონში“ მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მისი მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება.

მოგვიანებით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთის ოფიციალურმა პირებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ კიდევ უფრო გააღრმავონ დიალოგი პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომის და საერთო ინტერესის მქონე სხვა საკითხზებზე, მათ შორის, ტურიზმზე.

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდენენ

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინზე, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათ დასახეს გეგმები, რომლებიც „ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას“.

„ჩვენ ორ ქვეყანას შორის, საგარეო ორიენტაციის მიუხედავად, შეუძლებელია, იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში 2018 წლის მაისში მას შემდეგ მოვიდა, რაც მშვიდობიან პროტესტს სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომა მოჰყვა. პრემიერ-მინისტრის რანგში ფაშინიანი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. 2018 წლის მაისში ახლადარჩეული ფაშინიანი თბილისს პირველი ვიზიტით ესტუმრა, ხოლო 2019 წლის იანვარში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავის სომეხ კოლეგას არაფორმალურ შეხვედრაზე ბოლნისში უმასპინძლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)