Site icon Civil.ge

რუსეთის საგარეო უწყება „ყურადღებით აკვირდება“ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, ფოტო: facebook.com/MIDRussia/

5 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც აფხაზეთის „პრეზიდენტობის კანდიდატის“ ასლან ბჟანიას ჰოსპიტალიზაციას ეხება, განცხადება გამოაქვეყნა.

„ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის, 22 მარტს დაგეგმილი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და არჩევნებში მონაწილეებს მოუწოდა „თავი აარიდონ ზედმეტ ემოციებს და კანონის ფარგლებში იმოქმედონ, დემოკრატიული პროცედურების დაცვით“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია „მეგობარ აფხაზეთში“ სტაბილურობით და უსაფრთხოებით და დასძინა, რომ რუსეთი რეგიონთან მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერის ერთგული რჩება და კვლავაც გაუწევს აფხაზეთს ფართომასშტაბიან დახმარებას.

ასლან ბჟანიას ჰოსპიტალიზაციის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი ექიმები კრასნოდარში მას საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ. „ოფიციალური მონაცემები ბჟანიას ავადმყოფობის შესახებ აფხაზ პარტნიორებს მიეწოდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების დასასრულს, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვი აპირებს შემდგომშიც გააძლიეროს სოხუმთან ურთიერთობები, „მშვიდობიანი და პრაგმატული გზით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“ ვალერი ბგანბამ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის წარმომადგენელი ალექსეი დვინიანინი დაიბარა და შეშფოთება გამოხატა „რუსული მედიასაშუალებების დაუფარავი მცდელობების“ გამო, რომ ასლაბ ბჟანიას მოწამვლის თაობაზე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებით, რეგიონში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

ბგანბამ რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, რომ „დაუყონებლივ გადასცეს აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს მოცემული გამოცემების ხელთ არსებული ყველა ფაქტი, სამედიცინო დასკვნები წინასაგამოძიებო შემოწმების ჩასატარებლად“. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას ბჟანიას სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

56 წლის ასლან ბჟანია, 2 მარტს საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი, გზად სოჭში გაჩერდა, სადაც „თავი შეუძლოდ იგრძნო“. მოგვიანებით, იგი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივმა მედიასაშუალებამ „აფსნიპრესმა“ 4 მარტს ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბჟანიას ფილტვების ორმხრივი ანთება დაუდგინდა.

ბჟანიას მხარდამჭერთა ნაწილს სჯერა, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს, რათა 22 მარტს დაგეგმილ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის საშუალება არ მისცენ. მათი თქმით, ბჟანიას მონაწილეობის გარეშე, რომელიც განმეორებით არჩევნებში მთავარ კონკურენტად ითვლება, არჩევნები არ ჩატარდება.

3 მარტს, ბჟანიას ასობით მხარდამჭერმა სოხუმში „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობაზე იერიში მიიტანა და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ ვალერი ბგანბას გადადგომა მოითხოვა.

საბჭოთა KGB-ის სკოლის კურსდამთავრებული ასლან ბჟანია, 2019 წლის არჩევნების დროს, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატისა და მოქმედი ლიდერის – რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა მძიმე ლითონებით მოწამვლის გამო, მან კენჭი ვეღარ იყარა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)