Site icon Civil.ge

გაეროს უშიშროების საბჭოზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევა დაგმეს

ფოტო: twitter.com/EstoniaUN

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 5 მარტს გაიმართა, ესტონეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოზე 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევა დაგმეს.

გაეროში ესტონეთის მისიამ განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერშეტევა ოფიცილაურად ცალკე საკითხად განიხილება.

ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პრესისთვის გავრცელებული განცხადების თანახმად, „თებერვალში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მისწერა უშიშროების საბჭოს გასული წლის ოქტომბერში საქართველის ხელისუფლებისა და მედიასაშუალებების ვებგვერდების წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის თაობაზე. დღეს ესტონეთმა, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ საკითხი დღის წესრიგის ყველა დანარჩენი საკითხის ნაწილში დააყენეს“.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ უთანხმოების დათესვისა და საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების შეფერხების მიზნით, ეს კიბერშეტევები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა – გრუ-მ – განახორციელა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ეს კიბერშეტევები იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიან კამპანიის ნაწილია, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი ქმედებები „ცალსახად ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას საკუთარი თავი კიბერსივრცის პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და რიგი ქვეყნების წინააღმდეგ გრუ-ს თავზეხელაღებული კიბერთავდასხმების უწყვეტ სქემას ააშკარავებს“.

ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ აცხადებენ, რომ „უპასუხისმგებლობა კიბერსივრცეში ყველა ჩვენთაგანისთვის საზიანოა“ და ხაზს უსვამენ, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ქცევის საერთაშორისო სისტემა გავაძლიეროთ“.

„მადლობას ვუხდით პარტნიორებს, რომელთაც ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინეს საქართველოს და დაგმეს ეს უტიფარი ქმედება საქართველოსა და მისი ხალხის წინააღმდეგ“, – დაწერა გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედმა მისიამ Twitter-ზე.

ბელგიის მუდმივმოქმედმა მისიამ გაეროში ასევე დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა. „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცისთვის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით“, – ვკითხულობთ მისიის Twitter-ზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)