Site icon Civil.ge

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს

RSF logo.

მედიის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Sans Frontières – RSF) ევროპის საბჭოს მედია პლატფორმაზე აჭარის მაუწყებლის შესახებ განგაშის შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტების დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მნიშვნელობაზეა საუბარი.

5 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის სათაურიცაა – „აჭარის ტელევიზიაში რამდენიმე ჟურნალისტი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს“, – RSF-მა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში მედიაზე მზარდი კონტროლის გამო. ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

განგაშის შეტყობინება ექცევა კატეგორიაში – „სხვა ქმედებები, რომელთაც მსუსხავი ეფექტი აქვთ მედიის თავისუფლებაზე“, ხოლო საფრთხის წყაროდ სახელმწიფოა (მთავრობა) დასახელებული.

განგაშის შეტყობინების თანახმად, „2020 წლის 28 თებერვალს შორენა ღლონტი ტელეკომპანია აჭარის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 19 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მისი მოადგილე მაია მერკვილაძეც. ორივე მათგანი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაში მთავარს როლს ასრულებდა“. ამავე ინფორმაციის მიხედვით, „2 თებერვალს ტელეკომპანიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ზოიძემ განმარტა, რომ მას პოლიტიკური ზეწოლის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა“.

RSF-მა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის „ჟურნალისტებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც მრჩეველთა საბჭომ, სადაც 4-დან 3 წევრი ქართული ოცნების კვოტითაა არჩეული, 2019 წლის 22 ნოემბერს მაუწყებლის ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია“.

მედიის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ „თანამშრომლები ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართულ გამუდმებულ ძალისხმევას გმობენ“.

„ზოგიერთმა მათგანმა ცოტა ხნის წინ „ალტერნატიული“ პროფკავშირი ჩამოაყალიბა, რომელიც, იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს ჩარევის დასასრულებად მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდება, საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად გაფიცვას გეგმას“, – წერს მედიის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)