საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 10 მარტი, N56
სასამართლო: ნაფიც მსაჯულთა საოლქო სასამართლოს პირველი სხდომა
8 მარტს შესდგა პირველი სხდომა ნაფიც-მსაჯულთა საოლქო სასამართლოსი. სასამართლოს განსახილველი ჰქონდა ორი საქმე ქურდობის შესახებ. 33 ნაფიც მსაჯულთა შორის 14 ქალია. ნაციონალური შემადგენლობით: 25 ქართველი, 5 სომეხი და 3 რუსი.
სხდომას თავმჯდომარეობს მ. ორჯონიკიძე, ბრალმდებლად გამოვიდა საოლქო სასამართლოს მბრალდებლის ამხანაგი შ. დადიანი, ხოლო დამცველად ნაფიცი ვექილი გორდეზიანი.
პირველ სხდომას დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია, დამფუძნებელი კრების თავმჯდომრის მოვალეობის აღმსრულებელი ალექსანდრე ლომთათიძე, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, დამფუძნებელი კრების წევრები, სენატორები, წევრები სასამართლო უწყებისა და ადვოკატურის წარმომადგენლები.
სხდომის გახსნისას თავმჯდომარე ორჯონიკიძემ წარმოსთქვა მისასალმებელი სიტყვა და აღიარა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რევოლუციის სერიოზულ მონაპოვრათ.
სასამართლოს 33 წევრისაგან სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ 20, სასამართლოს ერთმა წევრმა (ქალია) ყურთა-სმენის ნაკლებობის გამო ითხოვა განთავისუფლება, რაიც შესრულებული იქნა. ფიცის მიღების დროს მღვდელმა მსაჯულებს შესაფერი სიტყვით.
სასამართლოს თავმჯდომარეს წევრებს აუხსნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა და მოვალეობა, შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა იუსტიციის მინისტრმა არსენიძემ.