Site icon Civil.ge

აჭარის მაუწყებლის გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ

ფოტო: emc.org.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, მისი ასევე ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელიც საქამიანობას დროებით ჩამოაშორეს, საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას იწყებენ. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაიცავს. ორგანიზაცია სასამართლოს „უახლოეს დღეებში მიმართავს“.

თეონა ბაკურიძემ საქმიანობიდან მისი დროებით ჩამოშორების შესახებ მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანება 6 მარტს მიიღო. კოხრეიძის გადაწყვეტილებით, ბაკურიძეს 9 მარტიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულება აეკრძალა და იგი ეთერიდან ჩამოაშორეს.

გიორგი კოხრეიძე თეონა ბაკურიძეს დაუმორჩლებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელზე გიორგი აბაზაძეზე ზეწოლას ედავება. ბრძანებაში მითითებულია, რომ ბაკურიძე აბაზაძეს „მისი პოზიციის“ დატოვებას აიძულებდა.

ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე EMC-მ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული „პრობლემური შრომითი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების“ სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა. ორგანიზაციის განმარტებით, „აღნიშნული გადაწყვეტილებები შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლისა და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს აჩენს“.

„მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ის შეფასებით, მაუწყებელში 2019 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების დინამიკა, მათ შორის, აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის „უსაფუძვლო“ იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის „პრობლემური წესი და პროცედურა“, ამასთან, მანამდე აჭარის მაუწყებლის მიმართ ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები, „აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანი ამ მედიასივრცის კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტებაა“.

„მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის და მათი ხმის მიწვდენის რესურსი გახდა“, – განმარტავენ EMC-ში.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იყოს დანახული, სადაც „აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედიაჯგუფები“ და ისინი „საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს“.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების შეფასებები

EMC-ის ოფისში გამართულ ბრიფინგს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე და დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილიც ესწრებოდნენ.

მაია მერკვილაძის განმარტებით, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების უკან ხელისუფლება და „დიდი ძალაუფლების მქონე პირები“ დგანან. მისივე თქმით, რომ არა ისინი, „გიორგი კოხრეიძე და სამი მრჩეველი ვერაფრით შეძლებდნენ იმ პროცესების ორგანიზებას ისე, როგორც დღეს მაუწყებელში ხდება“.

„კრიზისული მდგომარეობაა ჩვენთან, თანამშრომლები არიან მძიმე პირობებში. ერთი მხრივ, კოლექტიური დავის პირობებში და, მეორე მხრივ, მენეჯმენტთან ბრძოლაში, რომელიც უგულვებელჰყოფს შრომით უფლებებს. არ არის ეს იოლი, თითოეული თანამშრომლის ნერვების ომია და ამ ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მხარდაჭერას“, – უთხრა ჟურნალისტებს მაია მერკვილაძემ.

თეონა ბაკურიძის თქმით კი, მაუწყებლის ახალ მენეჯმენტს სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს და მის შეცვლას ცდილობს. მისივე შეფასებით, სწორედ ამის დასტურია სამსახურიდან იმ პირების გათავისუფლება ან სხვა პოზიციებზე გადაყვანა, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიდნენ და ახალი ამბების გუნდისთვის „საკვანძო ფიგურები“ იყვნენ. მისივე თქმით, მაუწყებლის თანამშრომლებს აქვთ მოლოდინი, რომ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი არ შეწყდება და მაუწყებელში ახალი კადრების მოყვანის გზით, მენეჯმენტი იმ პოლიტიკის გატარებას შეეცდება, რასაც „სხვა მაუწყებლის ტრენდზე გადაყვანა“ ჰქვია.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ აჭარის მაუწყებელი იყო იდეალური, ჩვენ ვიყავით განვითარების გზაზე და სწორედ ამ განვითარების გზაზე გვაფერხებენ, ხელს გვიშლიან და ცდილობენ, რომ შეგვცვალონ, ჩვენ არ შევიცვლებით და შევეცდებით დავიცვათ ბოლომდე, რომ არ შეცვალონ მაუწყებელი განვითარების გზაზე“, – თქვა თეონა ბაკურიძემ.

მალხაზ რეხვიაშვილის განმარტებით, მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს გაფიცვისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებული აქვთ და კოლექტიური დავის დოკუმენტი მენჯმენტს და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე ჩაბარდა. მისივე თქმით, ისინი სამინისტოს მიერ მედიატორის დანიშვნას ელოდებიან, საიდანაც მედიაციის პროცესის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება. „თუ ამ დროის განმავლობაში არ იქნება მიღწეული შედეგი, წარმოგვეშვება გაფიცვის უფლება“, – განმარტა მალხაზ რეხვიაშვილმა.

„თუ მედიაციის პირობებში ვერ მივიღეთ ის გარანტიები, რომელიც საშუალებას მოგვცემს გიორგი კოხრეიძის პირობებშიც ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, თუ ვერ მივიღებთ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს, მაშინ რა აზრი აქვს ჟურნალისტისთვის მაუწყებელში დარჩენას? თუ თავისუფალი სიტყვა არ გაქვს, მაშინ შენს საქმიანობას უბრალოდ ვერ განახორციელებ“, – აღნიშნა მანვე.

აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და მისი შეცვლის მცდელობაზე, უკვე კარგა ხანია საუბრობენ. დაახლოებით ათი დღის წინ, მათ ერთ-ერთი ბოლო პროტესტი პირდაპირ ეთერში ერთწუთიანი დუმილით გამოხატეს და თქვეს, რომ „აჭარის მაუწყებელში სუს-ია“.

პროტესტი, 28 თებერვალს, აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლებას მოჰყვა, რომლის მიმართაც ერთი წლის წინანდელ შემთხვევასთან მიმართებით, დისციპლინური წარმოება იყო დაწყებული.

მანამდე აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა და მაია მერკვილაძეს, რომელსაც ამ პოსტის პარალელურად, რედაქტორის თანამდებობაც ეკავა, 26 თებერვლიდან უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. მას, როგორც მაუწყებლის თანამშრომლებმა განმარტეს, არარსებული ტოქშოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზეს. მან შეთავაზება მიიღო და მაუწყებელში დარჩა.

მერკვილაძე ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ შეცვალა, რომელმაც პოსტი მაუწყებელში მისვლიდან ორ დღეში – 28 თებერვალს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი უფლებამოსილება დროებით აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა ფირუზ ბოლქვაძემ გადაიბარა.

მანამდე, 25 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, აჭარის მუწყებელი თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემაც დატოვა. უფრო ადრე კი – 2 თებერვალს, მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა და თქვა, რომ ეს „ნებაყოფლობითი პროცესი“ არ იყო. ზოიძე ამ თანამდებობაზდე ჟურნალისტმა და ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა შეცვალა.

ამბის წინაისტორია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე სამი წლის ვადით 22 ნოემბერს აირჩიეს. მას მხარი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან სამმა დაუჭირა. საბჭოში სამივე მათგანი ქართული ოცნების კვოტით არის შესული.

აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აწ უკვე ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. კაპანაძეს თანამდებობა ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დაატოვებინეს.

მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მმართველ გუნდს მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდა და დირექტორის იმპიჩმენტი სწორედ აღნიშნულის საპირისპირო ტენდენციით ჩანაცვლებას ემსახურებოდა.

აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორის დამოკიდებულება არჩევის დღესვე გახდა ცნობილი. თავდაპირველად მან გასაუბრებაზე თქვა, რომ ჟურნალისტებმა მოთმინება უნდა ისწავლონ. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიის საღამოს ეთერში სტუმრობისას კი, მან წამყვანს უთხრა, რომ თუკი რესპონდენტი კონკრეტული ტელევიზიის ეთერში სტუმრობაზე უარს ამბობს, ეს არა სტუმრის, არამედ თავად მაუწყებლის ბრალია.

საუბარი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ დასმული კრიტიკული კითხვების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ. მათ შორის იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)