საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე გუშინ მიღწეული შეთანხმება შეაფასეს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიღწეული შეთანხმება „საზოგადოების გამარჯვებაა“. „ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – თქვა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ „სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“.
საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებას დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც და შეთანხმების მიღწევაში შეტანილი „მნიშვნელოვანი“ წვლილისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
„ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – თქვა პრემიერმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით კი, რომელიც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პირადად იყო ჩართული, „არჩევნებს იგებს არა ცალკე აღებული რომელიმე სისტემა, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა“.
„ჩვენ ვენდობით მოქალაქეებს, ჩვენ პატივს ვცემთ მათ ნებისმიერ არჩევანს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნება განახლებული პროგრამით, განახლებული გუნდით გაიმარჯვებს და პარლამენტში მიიღებს მყარ უმრავლესობას, ჩვენ ამისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მომავალ პერიოდში საარჩევნო კამპანიაც ძალიან აქტიურ ფაზაში შევა“, – თქვა მანვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)