Site icon Civil.ge

ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, 9 მარტი, 2020, ფოტო: კადრი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ვიდეოდან

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმებიდან მეორე დღეს, 9 მარტს, ოპოზიციურმა პარტიებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული მორიგი კონსულტაციის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ნოემბრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მისივე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციური პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე გადავიდნენ და კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების მიზნით, მათ ლეიბორისტული პარტიის ოფისში არაერთი შეხვედრა გამართეს. კონსულტაცებში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებს შორის არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი, რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ახალი საქართველო და სხვ. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.

ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: „საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა. დიდი მადლობა აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და ევროსაბჭოს წარმომადგენელს, ასევე საქართველოს ყველა მეგობარს, რომელთაც ცდა არ დაუკლიათ ამ შეთანხმების მისაღწევად“.

„შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ეს შეთანხმება საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად და საქართველოსთვის იმ რისკების ასაცილებლად, რასაც უაღრესად დაძაბული გარემო და პოლიტპატიმრების არსებობა ქმნის. ბუნებრივია მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო ტესტი, ამ შეთანხმების შესრულება იქნება“, – ხაზგასმულია გაცხადებაში.

„ქართული საზოგადოების დაკვეთა სრულად პროპორციული არჩევნების მიღწევა იყო“, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები და იქვე დასძენენ: „ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინტერესი სრულად პროპორციული არჩევნების მიღება იყო და ასეთად რჩება, მაგრამ გვესმის რომ ამ საკითხზე გონივრული კომპრომისის მოძებნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. ასეთი კომპრომისი მოიძებნა“.

მნიშვნელოვანია რომ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია არამარტო პროპორცია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის (120/30ზე) და საარჩევნო ბარიერი, არამედ ახალი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების მყარი კრიტერიუმები და ვადები, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნავენ რა, რომ 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო დაპატიმრებულ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდება, პარტიები მიუთითებენ: ოპოზიცია მათ, ბუნებრივია, პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ხელისუფლება ამას არ აღიარებს. თუმცა, მხარეები ერთობლივ დოკუმენტში იმაზე შეჯერდნენ, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად მოხდება, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, რაც საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის“.

ხაზს უსვამენ რა შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდებენ „ხელი შეუწყონ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენებით რათა გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა დროულად დატოვონ საპატიმროები“.

პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არჩევნები უნდა იყოს იდეებისა და შეხედულებების ჭიდილი იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ თუ რომელ გზას დაუჭერენ მხარს, – აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)