Site icon Civil.ge

საქსტატი: 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.27 მილიარდი აშშ დოლარი იყო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 0.2%-ით მეტია.

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 261.8 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის: ენერგეტიკა – 193.9 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 157.5 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 118.5 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 102.2 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტი – 71.5 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 68.7 მლნ აშშ დოლარი; კავშირგაბმულობა – 45.4 მლნ აშშ დოლარი; სხვა სექტორი – 248.2 მლნ აშშ დოლარი.

უმსხვილესი პირდაპირი უცხური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2019 წ.

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა 247.8 მლნ აშშ დოლარი გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. შემდეგ მოდის: თურქეთი – 236.5 მლნ აშშ დოლარი; ირლანდია – 132.7 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 99 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 78.1 მლნ აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 52.9 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 50.5 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 40.4 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 39.2 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები – 290.5 მლნ აშშ დოლარი.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი, 2019 წ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებიც გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 347 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)