Site icon Civil.ge

„პოლიტპატიმრების“ საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოებაა

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები ე.წ. „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კვლავ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან. ოპოზიცია  გიორგი რურუასგიგი უგულავას, ბესიკ თამლიანისა და ირაკლი ოქრუაშვილის დროულად გათავისუფლებას ითხოვს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება „პოლიტპატიმრების“ საკითხს არ ეხება. 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 77/73 პროპორციის ნაცვლად, 120/30 ფორმულით ჩატარდება. ამასთან პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

იმავე დღეს ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემაში უმაღლესი სტანდარტებისკენ სწრაფვისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, პარტიები „მიესალმებიან პრეზიდენტის შეთავაზებას, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“. ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერები მმართველი პარტიის მიერ ამ ოთხი პატიმრის გათავისუფლებისა და მომავალში პოლიტიკური რეპრესიებისგან თავის შეკავების დაპირებას ნიშნავს.

სამოქალაქო საქართველო საკითხის გარშემო პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებს გთავაზობთ.

მმართელი გუნდის შეფასება

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე: „მაღალი პროფილის საქმეებ[ზე], რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდეც და მომავალშიც იქნება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კალენდრის ნაწილი და არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება დოკუმენტში არ არის მოცემული. შესაბამისად, კითხვებზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ან შეთანხმება მიღწეული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია [განვაცხადო] რომ არა, ასეთი კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა არც მიღწეული და არც დადასტურებული“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „მგონი, რაღაც ვალდებულებები აქვთ უგულავას წინაშე და იმას ეპრანჭებიან, რომ აი, „ჩვენ ამ შეთანხმებაში ამაზეც ვილაპარაკეთ“. შე კაი დედმამიშვილო, იმ კარგ ხალხს რას ატყუებთ, თუ მისი მოტყუება გინდათ, რომ მასზე ილაპარაკეთ, ის მოატყუეთ, რაღა ხალხს ატყუებთ?! შეთანხმება ამაზე არ შემდგარა – წერტილი. [ზოგადად] მემორანდუმში აღიარებულია პრინციპი, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ჩვენ ამაში არ ჩავერევით“.

პრეზიდენტის შეფასება

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „რაც შეეხება შეწყალების თემას, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებულ იქნა ამ წელს. მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ და გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რადგან ჩემი დისკრეციული უფლებაა, შეწყალება შედგება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზედაც ვრცელდება ცალკე რეგულაციები“. 

ოპოზიციის შეფასებები

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მათ [მმართველმა გუნდმა] ჩათვალეს, რომ ხალხის თვალში გამოჩნდნენ სუსტები. მათ [მიერ] გაკეთებული განცხადებები, თითქოს „ჩვენ პატიმრებს არ ვუშვებთ“, დაახლოებით ასეთია – თითი რომ დაგეწვება და მერე ამბობ, რომ არ დამეწვა. არ ვიცი, რას ემსახურება და რატომ იმართლებენ თავს, ეს მოლაპარაკე თავები“.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „საუბარი იმაზე, რომ არ შედგება პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და ეს არ არის შეთანხმების ნაწილი, იქნება შეთანხმების ისეთივე ჩაშლა, როგორც საარჩევნო რიცხვებზე უარის თქმა“. 

გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო: „ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება პატიმრობაში, უნდა იყოს თავისუფალი. თუ ამ ორი დოკუმენტის რომელიმე ნაწილი არ შესრულდება, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ არის მიღწეული“. 

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „სანამ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ტემპი არ დაიკლებს. ჩვენ კიდევ რამდენიმე დღე დაველოდებით. თუ ვერ ვნახავთ, რომ პოლიტიკური რეპრესირებულები დაბრუნდნენ თავის ოჯახებში, მერე შეიძლება ისეთივე ქარიშხალი მიადგეს მთელი ამ რეპრესიების ავტორს, რომ მას ვერანაირი მემორანდუმი და შუამავლები ვეღარ უშველის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)