Site icon Civil.ge

ევროპის საბჭო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

წყარო: coe.int

ეროპის საბჭო მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებას გულისხმობს (77/73-ის ნაცვლად).

9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერმა თქვა, რომ აღნიშნული შეთანხმებით „სრულდება ის გაურკვევლობა, რომელიც საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა“ და ის „გზას უხსნის მოახლოებული არჩევნებისთვის პოლიტიკური დებატების დეპოლარიზებას“.

„ველოდებით პარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების პირობების აღსრულებას, ისევე როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე ყველა სხვა საჭირო ცვლილების გატარებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ევროპის საბჭო ვენეციის კომისიასთან ერთად, კვლავაც დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას „პროცესის წარმატებით დასრულებაში“.

ევროპის საბჭო დადებითად აფასებს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისთვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფისა და სასამართლო და საარჩევნო სისტემების არასათანადო პოლიტიკური ჩარევებისგან დაცვისკენ პოლიტიკური პარტიების მისწრაფებას. ევროპის საბჭო იმედოვნებს, რომ „ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულების შესრულებასა და საარჩევნო საკითხებში ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტების დაცვას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)