ოთხი ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30 პრინციპით ჩატარებას გულისხმობს (77/73-ის ნაცვლად).
10 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ევროპარლამენტარები შეთანხმებას ქართული პოლიტიკური ცხოვრების „გარდამტეხ მომენტად“ აფასებენ და პოლიტიკურ პარტიებს „დროდადრო რთულად მისაღწევი“ პოლიტიკური დიალოგის მიუხედავად, „პირველ ადგილზე ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაყენებას“ ულოცავენ. ევროპარლამენტარები უცხოელ დიპლომატებს პროცესში გაწეული ფასილიტაციისა და „მნიშვნელოვანი მედიაციისთვის“ მადლობას უხდიან და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის როლს გამოყოფენ.
ევროპარლამენტარები მიესალმებიან შეთანხმების ხელმომწერების მზაობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან ასაცილებლად, რაც, შესაძლოა, „საარჩევნო და სასამართლო სისტემის არასათანადო პოლიტიზების მცდელობად აღქმულიყო“. განცხადებაში მათ ასევე აღნიშნეს სასამართლო სისტემისადმი ნდობის ზრდის მნიშვნელობა და მოუწოდეს [მხარეებს] თავიდან აირიდონ ისეთი დანიშვნა „წამყვან პოზიციებზე“, რაც ამ პროცესს შეაფერხებს.
ერთობლივ განცხადებაში ევროპარლამენტარები პარტიებს შეთანხმების სრულად შესრულების, პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისა და მოახლოებული აჩვევნების ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება საქართველოში შემდგომი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პლურალისტურ და დაბალანსებულ მედიას საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი აკისრია.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირი მიესალმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას
- ევროპის საბჭო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
- არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)