Site icon Civil.ge

სენატორები რიში და შაჰინი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას მიესალმებიან

აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ფოტო: twitter.com/SenateForeign

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა 10 მარტს განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ისინი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან.

„მოხარული ვარ, რომ შეთანმება ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მონაწილეობით შედგა და მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში მის სრულად აღსრულებას ველი“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად იყოს მიღებული და მას ყველა მხარემ სცეს პატივი“, – დასძინა სენატორმა.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსგან სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელოდება. მივესალმები ყველა მხარეს იმ რთულ კოპრომისზე წასვლას, რაც ქართული დემოკრატიის წინსვლისთვისაა საჭირო“, – აღნიშნა სენატორმა.

მისივე თქმით, იგი მიესალმება „კვირას ერთობლივი განცხადებით გამოხატულ დაპირებას“, რომელიც იმგვარი ქმედებებისგან თავის შეკავებას გულისხმობს, რომლებიც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზებად შეიძლება შეფასდეს. სენატორი რიშის თქმით, იგი აგრეთვე ელის „პოლიტიკური მოტივებით დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფებას“.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 77/73 პროპორციის ნაცვლად, 120/30 ფორმულით ჩატარდება. ამასთან პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ პროპორციული აჩევნების ჩატარების დაპირების შესრულებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, რაც სენატორი შაჰინის თქმით, ქართველი ხალხის „დემოკრატიისათვის გადამწყვეტია“.

„2012 წლიდან ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გულმოდგინედ მუშაობდა საქართველო ამ დემოკრატიული გარდატეხისათვის და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, – დასძინა სენატორმა შაჰინმა.

სენატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ის აფასებს საქართველოს მიერ მისი და სენატორი რიშის შენიშვნების გაზიარებას „სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმის მიმართ პატივისცემის თაობაზე, რაც დემოკრატიული საზოგადოების მთავარი პრინციპია“. „ვიმედოვნებ, საქართველო ამ გზას განაგრძობს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთგული დარჩება“, აღნიშნა შაჰინმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)