Site icon Civil.ge

საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ფოტო: gov.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობა მუშაობის საგანგებო – 24 საათიან რეჟიმზე გადადის.

12 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერმა თქვა, რომ მსოფლიოში არსებული „სამწუხარო სტატისტიკიდან“ გამომდინარე, „ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს“. „გამოწვევები როგორც ჩანს, ყოვედღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად ვიყოთ მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ“, – უთხრა მან მთავრობის წევრებს.

გახარიამ განმარტა, რომ „მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი თვით გრძელდება სასკოლო-საგანმამანთლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება. ამასთან ერთი თვით გადავადდება საგაზაფხულო გაწვევა ჯარში“.

მანვე სახელმწიფო უწყებებს, შესაძლებლობების ფარგლებში, „დისტანციური შრომის პირობებზე“ გადასვლის რეკომენდაციით მიმართა და აღნიშნა: „თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანილი“. პრემიერმა იმავე რეკომენდაციით კერძო სექტორსაც მიმართა.

აგრეთვე, პრემიერის განმარტებით, ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეისა და იტალიის პარალელურად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიც 14 დღიან საკარანტინო პირობებს დაექვემდებარებიდან.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, პრემიერის თქმით, მათ საზღვარზე კორონავირუსზე ჩატარებული კვლევის სამედიცინო ცნობის წარმოდგენა ევალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც 14 დღიან „საკარანტინო რეჟიმს გაივლიან“. გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

პრემიერმა ისიც თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოქალაქეების მხრიდან თვითიზოლაციის პირობების დაცვა აღმოჩდა. ამიტომ, მან შსს-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის პირობების დაცვის უზრუნველყოფა დაავალა.

გახარიამ ეკონომიკურ გუნდს, დღის ბოლომდე, „ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის“ წარმოდგენაც დაავალა. „ეს არის გლობალური გამოწვევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გლობალურ გამოწვევაზე საქართველოს პასუხი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, – თქვა პრემიერმა.

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და ორი კვირაში ინფიცირებულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან, ინფექციის მთავარი წყარო იტალიაა, ორი შემთხვევა ირანს, ხოლო ერთი კი – ესპანეთს უკავშირდება.

ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფრენები შეჩერდა იტალიასთანაც და საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 მარტის რეკომენდაციით, „უკიდურესი აუცილებლობის გარდა“, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლების საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)