Site icon Civil.ge

1920: მთავრობამ ფასების ხელოვნურად ზრდის წინააღმდეგ ცირკულარი გამოსცა

საქართველოს სახელმწიფო ბანკის გამგეობის წევრები. მარცხნიდან სხედან: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, რაჟდენ არსენიძე, იასონ ლორთქიფანიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ნიკო ელიავა. თეთრ სამოსში დგას გიორგი ჟურული. 1920 წლის 24 ივლისი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

საქართველოს რესპუბლიკა, N64, 1920 წლის 21 მარტი,

ცირკულარი რესპუბლიკის ყველა საკრედიტო დაწესებულებებს

უზომოდ გაზრდა ფასისა საზოგადოთ ყველა საქონლის და განსაკუთრებით სასურსათო სანოვაგისა აიხსნება უმთავრესად საერთო მიზეზებით, როგორიცაა: საქონლის მცირედი რაოდენობითი მოთხოვნილებასთან შედარებით, წარმოების შემცირებით, ქაღალდის ფასის დაცემით, ტრანსპორტის მოშლით და სხვა. ამ საერთო მიზეზებს აქვს მსოფლიო მნიშვნელობა, მაგრამ ამათ გარდა ადგილობრივ ბაზარზე ფასების გადიდებას უსათუოდ ხელს უწყობს, მიღებული ცნობების თანახმად, საქონლის დაგროვება შუაკაცების ხელში: ეს უკანასკნელნი კი აგროვებდენ საქონელს საწყობებში მხოლოდ სპეკულაციის მიზნით.

რადგან ეს გარემოება არსებითად ეხება მთელ ხალხის ინტერესებს და ახლანდელ დროში სრულიად მიუღებელია მისი დაშვება, ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის სამინისტროს საკრედიტო განყოფილება, ბ-ნ ფინანსთა მინისტრის განკარგულების თანახმად, წინადადებას აძლევს ყველა საკრედიტო დაწესებულებებს:

1. შესწყვიტონ განსაკუთრებულ განკარგულებამდის სესხის გაცემა და სპეციალური  სახელდახელო ანგარიშების გახსნა დაგირავებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში შენახულ ყოველგვარ სასურსათო სანოვაგისა, ან მანუფაქტურის და ფეხსაცმელებისა.

2. გასცენ სესხი და გახსნან სპეციალური სახელდახელო ანგარიშები დოკუმენტების გირაოს ქვეშ იმისთანა საქონელზე, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან, დაგირავება შეიძლება არა უმეტეს ერთი თვის ვადისა შემდეგ წესების დაცვით:

ა) ჩამოთვლილი საქონელი და სანოვაგე უნდა დაუყონებლივ იქნეს შემოტანილი პირდაპირ რესპუბლიკის საზღვრებში.  ამ პირობის გარანტია ბანკს უნდა მისცეს იმ პირმა, რომელმაც მიიღო სესხი.

ბ. აღნიშნული საქონელი და სურსათი რესპუბლიკაში შემოტანისთანავე უნდა იქნეს გამოსყიდული არა უგვიანეს ორი კვირისა დღიდან მისი შემოტანისა რესპუბლიკის საზღვრებში.

3. ყოველ კერძო შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს თანხმობით საკრედიტო დაწესებულებებს შეუძლიათ გასცენ სესხი და გახსნან სპეციალური მიმდინარე ანგარიშები იმ სურსათ სანოვაგის და საქონლის გირაოთ მიღებით, რომლებიც არიან საქართველოს საზღვრებში და ეკუთვნიან ქალაქებს, ერობებს (აგრეთვე ქალაქთა და ერობათა კავშირებს, კოოპერატიულ ორგანიზაციებს და  სხვა) და მათ შორის საკრედიტო კოოპერატიულ დაწესებულებებს.

4. ამ განკარგულებამდე გაცემული სესხი სპეციალურ მიმდინარე ანგარიშის სახით ზემო აღნიშნული სასურსათო სანოვაგის და საქონლის, ან მათზე გაცემული დოკუმენტების დაგირავებით უნდა გაქრობილი იქნეს ერი თვის ვადაში დღიდან ამ განკარგულების გამოცემისა.

5. დაუყონებლივ იქნეს წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებაში ცნობების შესახებ გაცემული სესხისა და ყოველგვარ საქონლის დაგირავების გახსნილ სპეციალური მიმდინარე ანგარიშებისა, ამასთანავე დართული ფორმით.

6. ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ევალება სასტიკათ ადევნოს თვალყური, რათა ზევით მოხსენებული იქნას სისრულეში მოყვანილი და ყოველ შემთხვევაში როდესაც ეს განკარგულება დარღვეული იქნება, დამნაშავე მისცეს პასუხის გებაში.

ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილების უფროსი ს. ჟორჟოლაძე