საქართველოს პარლამენტმა 20 მარტის პლენარულ სხდომაზე 91 ხმით იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენას დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიესალმა ლორთქიფანიძის კანდიდატურის „ერთსულოვან მხარდაჭერას“ და იმედი გამოთქვა, რომ ის „საბოლოოდ იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული“.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს მოსამართლე ჰყავდეს. „მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გოჩა წარმატებით გაივლის ყველა დანარჩენ პროცედურას და ეს პროცედურა დასრულდება ისე, რომ საქართველოს ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი… მეც ვიცნობ მას, როგორც კარგ პროფესიონალს“, – განაცხადა ბესელიამ.
პირველად, იმის თაობაზე, რომ საქართველო ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას გეგმავდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასული წლის დეკემბერში, ჰააგაში ვიზიტის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამისთვის ეროვნული პროცედურების გავლის გზით, მაღალკვალიფიციური კანდიდატი შეირჩეოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)