ერთობა, 1920 წლის 23 მარტი, N66
(გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“)
ართვინის რაიონის მცხოვრებთა ვექილებისაგან:
1. ართვინის უბნის მცხოვრებლები ამ უკანასკნელ ხანებში მეტად სამწუხარო და უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებიან. ართვინის მცხოვრებნი შეიარაღებულ ბანდებისა და ყაჩაღებისაგან მუქარას განიცდიან. ართვინისა და მის ახლო მიდამოებში ანარქიულ მოძრაობასთან ერთად ბალშევიკურ მოძრაობასაც აძლიერებენ, სურთ ხალხი წესიერსა და მშვიდობიან ცხოვრებას ჩამოაცილონ და ხალხში არევ-დარევა და უკმაყოფილება გააძლიერონ, რასაც არანორმალური მდგომარეობის უფრო გამწვავება მოყვება. მშვიდობიანი ცხოვრების საჭირო პირობებს მოკლებული ხალხი ეკონომიურადაც მეტად ცუდ მდგომარეობაშია. სანოვაგის ნაკლებლობას და მისი წარმოუდგენელი სიძვირის გამო ხალხი დიდ გაჭირვებას განიცდის. ჩვენ, ართვინის მცხოვრებთა წარმომადგენლები, ზემოაღნიშნულ მდგომარეობათა გამო საბოლოოთ დავრწმუნდით, რომ დაგვიანდება, საჭირო ზომების მიუღებლობა, მცხოვრებლებს კატასტროფიულ მდგომარეობამდე მიიყვანს.
2. ართვინის უბნის მცხოვრებნი მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლათ საქართველოს რესპუბლიკისგან საჩქარო დახმარებას და მფარველობას მოითხოვს.
3. ბათუმის ოლქის ასეთ საშიშ, არაბუნებრივ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლათ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას შემოიყვანოს თავისი ჯარები ჩვენში.
4. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფნი, ვსთხოვთ საქართველოს მთავრობას ასეთი ზომის მიღებით განამტკიცოს ჩვენში წესიერება და ბათუმის ოლქის ავტონომიურად გაერთიანება საქართველოსთან მის სისრულეში მოიყვანოს. ხელს აწერენ ართვინის მცხოვრებთა ვექილები.
ბორჩხის რაიონის მცხოვრებთაგან:
1. ბორჩხის რაიონი და მთელი ბათუმის ოლქი, რომელსაც, როგორც შიგნით, ისე გარედან ათასნაირი მტრები ემუქრებიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, იხსნას ასეთ მდგომარეობისაგან და მიიღოს ზომები ჩვენში წესიერებისა და მშვიდობიანობის აღსადგენათ.
2. ჩვენი ხალხი, რომელსაც დღეს ემუქრებიან ჩეთნიკები, ყაჩაღები და ბალშევიკურ დენიკინური ანარქია, ასეთ პირობებისაგან თავის დასახსნელად საქართველოს მთავრობას ვთხოვოთ საჩქაროთ შემოიყვანოს ჩვენში მისი ჯარები და მით მცხოვრებთა ფიზიკური არსებობა და უფლებები დაღუპვისაგან იხსნას.
3. ვთხოვოთ იმავე მთავრობას, რათა ჩვენი ოლქი, როგორც განუყოფელი და განუყრელი ნაწილი დედა სამშობლო საქართველოსი, ავტონომიურათ გააერთიანოს საქართველოსთან.
მურღულის რაიონის მცხოვრებთა წარმომადგენლებისაგან:
ამა წლის 16 თებერვალს 25 შეიარაღებული ლაზი ჩეტნიკები თავს დაესხენ მურღულის რაიონის სოფელ ბაგეს მცხოვრებლებს, ალყა შემოარტყეს მევლუდ აღას სახლს, გაიტაცეს მისი ქალიშვილი და გაიქცნენ. გაიგეს რა მცხოვრებლებმა ეს ამბავი, დაედევნენ ყაჩაღებს და გაუმართეს სროლა, რომის დროსაც მოკლული იქნა ზემოაღნიშნული ყაჩაღების მეთაური ფაზილ ოღლი ქიბარი. ამ დღეს, ყაჩაღებმა მოახერხეს მიმალვა, მაგრამ მეორე დღეს, დილის 4 საათზე, სოფელ ბაშქიოშში გაიგეს რა თავისი მეთაურის სიკვდილი, გატაცებული ქალიშვილი მხეცურად მოჰკლეს, რის შემდეგაც პოდოჯურ-ვიწეს მიმართულებით გაიქცნენ ეს საზიზღარი და აღმაშფოთებელი ამბავი აქ მიტომ ავღნიშნეთ, რათა გადმოგვეცა საქართველოს მთავრობისათვის ჩვენი რაიონის და ახლო მიდამოების მდგომარეობა, რომელ რაიონშიაც დასახელებულ მოვლენის მსგავსი ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება. სამწუხაროთ ჩვენში ისეთი მდგომაროება შეიქმნა რომლის მეოხებით ადამიანის სინდის-პატიოსნება და მისი უფლებები ფეხქვეშ ითელება.
ზემოაღნიშნულ მდგომარეობის გამო ჩვენ, მურღულის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენლები შევიკრიბენით და ერთხმათ დავადგინეთ:
1. მურღულში და საერთოთ ჭოროხის ხეობაში საჭიროა დაწესდეს შეურყეველი და წესიერი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
2. მიუხედავათ იმისა, რომ მცხოვრებლებმა უკვე შეადგინეს თავისი რაზმი წესიერების აღსადგენად, ისინი მაინც საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მეტად ძნელია იმ ანარქიასთან ბრძოლა, რამაც ჩვენში იჩინა თავი და რაც თანდათან ძლიერდება.
3. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას წესიერების აღსადგენათ, მცხოვრებთა მშვიდობიანობის დასაცავათ შემოიყვანოს ჩვენში თავის ჯარები.
4. ვთხოვთ აგრეთვე იმავე მეთაურობას მიიღოს საჭირო ზომები ბათუმის ოლქის, საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილის, ავტონომიურათ დედა სამშობლო საქართველოსთან გასაერთიანებლათ. ხელს აწერენ წარმომადგენლები.